ირაკლი ღარიბაშვილი: დღეს ჩვენ ვართ ადამიანის უფლებათა დაცვის გარანტები

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, მთავრობისა და პარლამენტის წევრებს , ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ მიღებაზე უმასპინძლა.
პრემიერმა ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში სახელმწიფოს ბოლოდროინდელ მიღწევებზე ისაუბრა და განსაკუთრებული მადლიერებით აღნიშნა ამ პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო საზოგადოების მტკიცე მხარდაჭერა.
“ჩვენი წინსვლა თქვენი წინსვლაა. ჩემთვის ძალიან სასიხარულოა, რომ ამ დღეს ერთად აღვნიშნავთ”, – მიმართა ირაკლი ღარიბაშვილმა საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოსთვის, დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან, გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, განვითარების მნიშვნელოვანი სახელმძღვანელოა.
“2012 წელს, როდესაც ჩვენ მოვედით ქვეყნის სათავეში, ჩვენი მიზანი იყო, შეგვექმნა ისეთი მთავრობა, როგორიც შეეფერება ჩვენს ხალხს, რომელსაც ის ემსახურება. ჩვენი მთავრობა, რომელიც აცნობიერებს, რომ თავისუფლება, თანასწორობა და სამართლიანობა ქართულ გენშია, მიზნად ისახავს ყველა ადამიანის უფლების დაცვას. დღეს ჩვენ ვართ ადამიანის უფლებათა დაცვის გარანტები, რასაც უზრუნველვყოფთ ადამიანის უფლებათა სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მეშვეობით, რომელიც ჩვენ გასულ წელს მივიღეთ. ეს არის პირველი ერთიანი სტრატეგიული დოკუმენტი, რომელშიც განსაზღვრულია ადამიანის უფლებათა დაცვის ძირითადი მიმართულებები. გარდა ამისა, ჩვენ ვამაყობთ ანტიდისკრიმინაციული კანონით, რომელიც ახლახან მივიღეთ და რომელშიც დეტალურად არის აღწერილი საქართველოს ყველა მოქალაქის უფლებათა დაცვის საკითხები”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას.
ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ხელისუფლება სათანადო ყურადღებას უთმობს იმ ინსტიტუტების დამოუკიდებლობისა და დემოკრატიულობის უზრუნველყოფას, რომლებიც მოქალაქეებს წარმოადგენენ.
პრემიერის თქმით, დღეს პარლამენტი კანონმდებელთა დებატების ადგილია, დამოუკიდებელი სასამართლო დაკომპლექტებულია მოსამართლეებით, რომლებიც თანამდებობებს იკავებენ დეპოლიტიზებული პროცესის შედეგად, ხოლო უზენაესი სასამართლო რეგულარულად აბათილებს დაბალი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებებს და უგულებელყოფს მთავრობის პოზიციას.
პრემიერმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ ცოტა ხნის წინ, ისტორიაში პირველად, საქართველოს პარლამენტმა დანიშნა გენერალური პროკურორი, რომელიც არჩეული იყო დამოუკიდებელი პროცესის შედეგად და ყველა დაინტერესებული მხარის – არასამთავრობო ორგანიზაციების, აკადემიური წრეების, მართლმსაჯულების სისტემის, მთავრობის, პარლამენტისა და პოლიტიკური ოპოზიციის მონაწილეობით. ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, ეს, საქართველოში კანონის უზენაესობის განმტკიცების გზაზე, დიდი წინსვლაა.
“ჩვენი წინსვლის აღსანიშნავად, ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე საქართველო, პირველად ისტორიაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრად აირჩიეს. ჩვენ ძალიან სერიოზულად ვეკიდებით ამ პასუხისმგებლობას და მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, წვლილი შევიტანოთ მსოფლიოში ადამიანის უფლებათა დაცვის უზრუნველყოფის საქმეში. როგორც მარტინ ლუთერ კინგი ამბობდა – “უსამართლობა ერთ ადგილზეც კი ყველგან უქმნის საფრთხეს სამართლიანობაა”. მართალია, ბოლო სამი წლის განმავლობაში მნიშვნელოვან წინსვლას მივაღწიეთ, მაგრამ კიდევ დიდი სამუშაო გველის. ჩვენს მთავრობას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი ადამიანის უფლებათა დაცვა. გპირდებით, კიდევ უფრო ეფექტიანად ვიმუშავებთ, მომავალში მეტი წარმატების მისაღწევად”, – მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიღებაზე შეკრებილ საზოგადოებას.

banner
წინა სტატიაშიდავით დარჩიაშვილი: სწორედ ამიტომ გვაქვს შერჩევით სამართალთან საქმე
შემდეგი სტატია“ის რომ ამ ქვეყანაში შერჩევითი სამართალია, პოლიტიკური დევნა ხდება და ამის იარაღად პროკურატურაა გამოყენებული, ამაში ეჭვი არავის ეპარება”