ირაკლი ღარიბაშვილი დღეს ბრიუსელში მიემგზავრება, სადაც, შარლ მიშელისა და ურსულა ფონ დერ ლაიენის ერთობლივი მიწვევით, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, ევროკომისიის პრეზიდენტისა და ევროკავშირის საბჭოს ამჟამინდელი თავმჯდომარე ქვეყნის – სლოვენიის პრემიერ-მინისტრის ერთობლივი მიწვევით, 15 დეკემბერს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ბრიუსელში გაიმართება.

მთავრობის მეთაური, ბელგიის სამეფოში დელეგაციასთან ერთად დღეს გაემგზავრა.

სამიტზე მიღებული იქნება პოლიტიკური დეკლარაცია, რომელშიც მნიშვნელოვანია საქართველოსთვის პრიორიტეტული საკითხების ასახვა. დეკლარაციაში კიდევ ერთხელ დადასტურდება ევროკავშირისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის სტრატეგიული მნიშვნელობა, ასევე საქართველოსა და პარტნიორების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ქართული მხარის მოლოდინია ისეთი მნიშვნელოვანი საკითხის აღნიშვნა, როგორიცაა ევროკავშირის ერთიან ბაზარზე თანდათანობითი ინტეგრაცია, ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის ახალი დღის წესრიგის დამტკიცება, რომლის შემუშავებაშიც ევროკავშირსა და სხვა პარტნიორ ქვეყნებთან ერთად, საქართველო აქტიურად იყო ჩართული. შედეგად, განისაზღვრა ამბიციური დღის წესრიგი, რომელიც პარტნიორი ქვეყნების უსაფრთხოების, ეკონომიკების, ინსტიტუტების, საზოგადოებების, გარემოსდაცვითი და ციფრული ტრანსფორმაციის მექანიზმების გაძლიერებას შეუწყობს ხელს. ახალი დღის წესრიგი მოიცავს კონკრეტული მიზნების მიღწევას, რაც ევროკავშირის ახალი რეგიონული საინვესტიციო გეგმის მეშვეობით განხორციელდება. საქართველოსთვის ეს ნიშნავს სატრანსპორტო, ენერგო და ციფრული დაკავშირებადობის გაძლიერებას, მათ შორის, შავი ზღვის პოტენციალის მაქსიმალურად ათვისების გზით.

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის არსებული უმაღლესი დონის დიალოგის ფორმატია, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ იმართება. მის ფარგლებში ხდება უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული და პოლიტიკური საკითხების განხილვა და მხარეებს შორის შეთანხმება.

ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მეთაური ასევე გამართავს მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს. ირაკლი ღარიბაშვილი ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს შეხვდება.

საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი იმყოფებიან.

წინა სტატიაშიპრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გაიმართა
შემდეგი სტატიარუსეთი აცხადებს, რომ შესაძლოა “იძულებული გახდეს” ევროპაში საშუალო რადიუსის ბირთვული რაკეტები განათავსოს