ირაკლი ღარიბაშვილი : დარწმუნებული ვარ, მოსახლეობა გააკეთებს სწორ არჩევანს და მიიღებს ბრძნულ გადაწყვეტილებას

მჯერა, რომ ჩვენი ხელისუფლება, ჩვენი სახელმწიფო მტკიცედ დგას დღეს და ყველაფერი ჩაივლის მშვიდობიანად, დესტრუქციული ძალის პროვოკაციები შეიძლება იყოს ხშირი, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩვენი ხელისუფლება ამ ყველაფერს აღკვეთს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ვაკის #11 უბანზე, ხმის მიცემის შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ღარიბაშვილი ამბობს, მისთვის პირველი ტურის შედეგები მოულოდნელი აღმოჩნდა.

„შედეგები, რაც ჩვენ ვიხილეთ პირველ ტურში, რა თქმა უნდა, იყო მოულოდნელი. მიზეზებზე დღეს საუბარი არ არის საჭირო, თუმცა ვფიქრობ, რომ დღეს უნდა მოხდეს საბოლოო გადაწყვეტილების დაფიქსირება და საბოლოო უარი უნდა ეთქვას უარი იმ მოძალადე რეჟიმს, რომელიც ჩვენი ქვეყნის სათავეში იყო ბოლო ათი წლის განმავლობაში”,- განაცხადა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა.

ღარიბაშვილის განცხადებით, მან არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გავრცელებული განცხადებით საკუთარი მოქალაქეობრივი პოზიცია საჯაროდ დააფიქსირა, რადგან მიაჩნია, რომ შექმნილი სიტუაციის გათვალისწინებით პოზიციის ღიად დაფიქსირება თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობის საკითხია.

მისივე თქმით, მან ხმა მისცა საქართველოს სტაბილურობას, მშვიდობას და მოქალაქეების თავისუფლებას, რაც მისივე განცხადებით, მთავარია.

“ეს არის მთავარი მონაპოვარი ჩვენი ხალხის და ამ მონაპოვარს სჭირდება დაცვა. დარწმუნებული ვარ, მოსახლეობა გააკეთებს სწორ არჩევანს, ისინი მიიღებენ ბრძნულ გადაწყვეტილებას, მე ასე ვიტყოდი, რადგან სწორედ ამ დროს, ასეთ ვითარებაში, საჭიროა სიბრძნე, რომელიც ჩვენს ხალხშია და მე ამის მჯერა. მჯერა ჩვენი ხვალინდელი მომავლის”,-განაცხადა ღარიბაშვილმა.

მან უპასუხოდ დატოვა ჟურნალისტების კითხვა, აქვს თუ არა პოლიტიკაში მობრუნების სურვილი.

banner
წინა სტატიაშიმკვლელობა ქობულეთში – 46 წლის მამაკაცი ჩაცხრილეს
შემდეგი სტატიააბსურდის თეატრია, ენმ-ს და გაერთიანებულ ოპოზიციას დააბრალონ არჩევნების გაყალბება – უდუმაშვილი კობახიძეს პასუხობს