ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები იმსახურებენ იმოგზაურონ ევროპაში უვიზოდ

პრემიერმინისტრმა მეუღლესთან ერთად საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს საახალწლო მიღებაზე უმასპინძლა.

ირაკლი ღარიბაშვილმა დიპლომატებს დამდეგი დღესასწაულები მიულოცა, თითქმის უკვე გასული წლის განმავლობაში მიღწეული წარმატებები შეაჯამა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

მთავრობის მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველა წამოწყების განხორციელება, საერთაშორისო პარტნიორების უპირობო მხარდაჭერის გარეშე რთული იქნებოდა.

„თუკი გადავხედავთ ჩვენს წარმატებებს ამ წლის განმავლობაში, დაუჯერებელია, რომ მხოლოდ ერთი წელიწადი გავიდა. იანვარში მე და ჩემმა გუნდმა დავსახეთ მიზნები და პრიორიტეტები, დაწყებული ევროინტეგრაციით და დამთავრებული რეფორმებით, რათა საქართველო გამხდარიყო რეგიონალური და გლობალური მოვლენების მნიშვნელოვანი მონაწილე.

“ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები იმსახურებენ იმოგზაურონ ევროპაში უვიზოდ. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან დიდი აღიარება ჩვენი ქვეყნის, ჩვენი მიღწევების. მე მიმაჩნია, რომ ჩვენი ერი ნამდვილად იმსახურებს იმას, რომ ყოველგვარი ბარიერების გარეშე ვმოგზაურობდეთ და გავაკეთოთ კარგი საქმეები ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ოჯახების, ჩვენი მომავალი თაობებისათვის. რა თქმა უნდა, მე ვიზიარებ თქვენს სულისკვეთებას, რომ ჩვენ, ჩვენი მდიდარი კულტურით, ფასეულობით უნდა გავხდეთ ევროპის სტრუქტურების წევრი,”-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერის შეფასებით, 2015 წელი ყველაზე მეტად მაინც საქართველოს, როგორც რეგიონული ცენტრის და აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი ხიდის, როლის ზრდით გამოირჩევა.

„აბრეშუმის გზის აღორძინებამ მოიტანა ახალი შესაძლებლობები და ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი მათი გამოყენება. თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი, რომელიც ოქტომბერში ჩატარდა, მიზნად ისახავს ყველა დაინტერესებული სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციისთვის დისკუსიის პლატფორმის შექმნას, რათა მათ გამოიყენონ ახალი შესაძლებლობები, გაცვალონ იდეები და გააფართოონ პარტნიორობა. გარდა ამისა, ჩვენ გვქონდა აზიის ინფრასტრუქტურული ინვესტიციების ბანკის პირველი მინისტერიალის მასპინძლობის შესაძლებლობა,“ – განაცხადა საქართველოს პრემიერმინისტრმა.

banner
წინა სტატიაშითბილისში მოკლული მამა-შვილი იპოვეს
შემდეგი სტატიააქცია ივანიშვილის სხლთან:”ეკა ესკობარი,მანანა მენდოზა და მათი ბოსსი ბორის ივანიშვილი “