ირაკლი ღარიბაშვილი – ჩვენი მიზანმიმართული, თანმიმდევრული და მშვიდობიანი პოლიტიკით მე მჯერა, რომ დადგება დრო, როცა ჩვენი ქვეყანა გამთლიანდება

ირაკლი ღარიბაშვილი – ჩვენი მიზანმიმართული, თანმიმდევრული და მშვიდობიანი პოლიტიკით მე მჯერა, რომ დადგება დრო, როცა ჩვენი ქვეყანა გამთლიანდება

ჩვენი მიზანმიმართული, თანმიმდევრული და მშვიდობიანი პოლიტიკით მე მჯერა, რომ დადგება დრო, როცა ჩვენი ქვეყანა გამთლიანდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მუხათგვერდში განაცხადა, სადაც რუსეთ-საქართველოს ომის 13 წლისთავთან დაკავშირებით, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ქართველმა ჯარისკაცებმა გმირულად გაწირეს თავი სამშობლოს და ქვეყნის ტერიტორიების დასაცავად.

„13 წელი გავიდა აგვისტოს ომის ტრაგიკული დღეებიდან. ჩვენ ვუსამძიმრებთ მთელ საქართველოს, ჩვენს ხალხს. ჩვენი დაღუპული გმირების წინაშე მათი ხსოვნის წინაშე, მათი ოჯახების წინაშე ქედს ვიხრით. ჩვენმა გმირმა ჯარისკაცებმა გმირულად გაწირეს თავი ჩვენი სამშობლოს და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების დასაცავად. ბევრი ოჯახი გაუბედურდა, როდესაც მათ მშობლებს ვესაუბრებით კიდევ ერთხელ გვახსენდება, თუ რაოდენ მძიმეა ტკივილი და მოუშუშებელია იარა, რომელიც აგვისტოს ომმა მოუტანა ჩვენს ხალხს და ჩვენს ქვეყანას. გამოუსწორებელი შედეგები დადგა აგვისტოს ომის შემდეგ. ქვეყანაში დაკანონდა ოკუპაცია. ქვეყნის ტერიტორიის 20% არის ოკუპირებული რუსეთის მიერ. მე აქ გარდაცვლილი ოჯახების, ჩვენი გმირების წინაშე აღარ მინდა ვილაპარაკო იმ პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე, რომელიც ეკისრება წინა ხელისუფლებას. ამის თაობაზე ჩვენ გავაკეთეთ შეფასება და ვერდიქტი გამოტანილი აქვს ქართველ ხალხს, მაგრამ მინდა ყველას შევახსენო, რომ მსგავსი ანტისახელმწიფოებრივი პროვოკაცია არასოდეს აღარ უნდა გაიმეოროს არც ერთმა ხელისუფლებამ. ეს არის ჩვენი ვალი, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, სუვერენიტეტი და დავიცვათ ჩვენი ხალხი, ყოველი აგრესიისგან, დამპყრობლებისგან და ოკუპანტებისგან – ეს უნდა იყოს ჩვენი საზრუნავი. მთლიანობაში ჩვენი საზრუნავი ახლა უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის გაერთიანება, გამთლიანება. ჩვენ არჩეული გვაქვს პრაგმატული და გონივრული პოლიტიკა ოკუპაციის დასაძლევად, დეოკუპაციის მისაღწევად. ამას სჭირდება მუხლჩაუხრელი შრომა, ამას სჭირდება გონივრული პოლიტიკა. ჩვენი მმართველობის პერიოდი გამორჩეული არის იმითაც, რომ ჩვენ ხალხს და ჩვენს ქვეყანას ავარიდეთ კიდევ უფრო მეტი ესკალაცია, მეტი სირთულეები და ავარიდეთ ომი და ის ნგრევა, რაც მოაქვს ომს. ჩვენი მიზანმიმართული, თანმიმდევრული და მშვიდობიანი პოლიტიკით მე მჯერა, რომ დადგება დრო, როცა ჩვენი ქვეყანა გამთლიანდება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაურთან ერთად მუხათგვერდში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა, თბილისის მერი კახა კალაძე, მთავრობის წევრები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

banner
წინა სტატიაშიახვლედიანმა ბრიტანულ კვლევით ცენტრთან აგვისტოს ომზე, მის შედეგებზე და ოკუპირებულ რეგიონებში დამძიმებულ ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე ისაუბრა
შემდეგი სტატიაკუჭავა: თავისუფლად არის შესაძლებელი, მათ შორის 2024 წლის შემდეგ, კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება გახდეს საჭირო