ირაკლი ღარიბაშვილი – ჩვენ წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკებები „ბორჯომის“ აქციონერებთან და ჩვენი სახელმწიფო, საქართველოს მთავრობა გახდება აქციონერი იმ ჯგუფის, რომელიც არის „ბორჯომის“ ქარხნის მეპატრონე

ჩვენ წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკებები „ბორჯომის“ აქციონერებთან და ჩვენი სახელმწიფო, საქართველოს მთავრობა გახდება აქციონერი იმ ჯგუფის, რომელიც არის „ბორჯომის“ ქარხნის მეპატრონე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არის უსასყიდლო გარიგება და პროცესი წარიმართა საერთაშორისო სამართლის ნორმების სრული დაცვით.

„პირველი საკითხი, ეს არის „ბორჯომის“ ქარხნის საკითხი და ამ ქარხნის ბედი. მოგეხსენებათ, რამდენიმე კვირის წინ მე საზოგადოებს ვუთხარი, შევპირდი, რომ სასიამოვნო ინფორმაციას გავაცნობდი რამდენიმე კვირაში და დღეს მინდა, გაცნობოთ, რომ ჩვენ წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკებები „ბორჯომის“ აქციონერებთან და ჩვენი სახელმწიფო, საქართველოს მთავრობა გახდება აქციონერი იმ ჯგუფის, რომელიც არის „ბორჯომის“ ქარხნის მეპატრონე. ეს არის უსასყიდლო გარიგება, ჩვენ უსასყიდლოდ გადმოგვეცემა აქციები და ამის შემდეგ ჩვენი სახელმწიფო გახდება „ბორჯომის“ ქარხნის, ჩვენი ეროვნული სიმდიდრის, სიამაყის რომ იტყვიან, თანამფლობელი. და ყველა ის პრობლემა, რომელიც ბორჯომს ჰქონდა შექმნილი და მის თანამშრომლებს ოპერირებაში, მართვაში, ფუნქციონირებაში, ზოგადად, ყველა ეს პრობლემა იქნება მოხსნილი. ჩვენ აღნიშნული საკითხი შევათანხმეთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, რეგულატორებთანაც გვქონდა კონსულტაციები დიდ ბრიტანეთში და მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს გარიგება გაფორმდა საერთაშორისო სამართლის ნორმების სრული დაცვით და მინდა, მადლობა გადავუხადო ეკონომიკისა და იუსტიციის სამინისტროებს, რომლებმაც ძალიან აქტიურად, ნაყოფიერად იმუშავეს ამ გარიგების ასე ვთქვათ წარმატებით დასასრულებლად, ასე რომ ვულოცავ ბორჯომის თითოეულ თანამშრომელს,“- განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა, „ბორჯომის“ თანამშრომლების იმ ნაწილთან დაკავშრებით, რომლებიც თვლიან, რომ მათ კომპანია უსამართლოდ მოექცათ, აღნიშნა, რომ არავის უნდა ჰქონდეს ჩაგვრის განცდა.

„ვიცი, რომ იქ რამდენიმე ათეული თანამშრომელი თვლის, რომ უსამართლოდ მოექცა ადგილობრივი კომპანია, 50 თანამშრომლის გაშვება მოხდა, მე ამის თაობაზე წინა კვირასაც მოგახსენეთ, რომ ბატონ ზურა აზარაშვილს დავავალე და ის აქტიურადაა ჩართული ამ პროცესში. მას შემდეგ რაც სახელმწიფო გახდება თანამფლობელი ამ ჩვენი საწარმოსი, „ბორჯომის“, რა თქმა უნდა, უფრო აქტიურად მოგვიწევს, ჩავერთვებით და ყველა პრობლემას მოვაგვარებთ და მინდა, ამ ჩვენს თანამოქალაქეებს მივმართო, რომ არც ერთი არ დარჩება სიმართლის გარეშე, არც ერთი მოქალაქე არ დაიჩაგრება, არც ერთი თანამშრომელი ჩვენი „ბორჯომის“, ჩვენი მართლაც ეროვნული სიმდიდრის. მე ვიცი, რომ გარკვეული კითხვები არსებობდა, ამ ყველა კითხვას უნდა გაეცეს პასუხი, ზურა აზარაშვილი და ლევან დავითაშვილი ჩაერთვებიან ამ პროცესში და ჯობია, რომ ეს საკითხი ბოლომდე მიიყვანოთ, რაც შეიძლება მალე, რომ ხალხს არ ჰქონდეს განცდა რომ ვინმე უსამართლოდ იჩაგრება და ყველა მათი სამართლიანი მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, არ უნდა იყოს ხმაური და განცდა არ უნდა ჰქონდეს არავის რომ იქ ვინმე იჩაგრება,“- განაცხადა პრემიერმა.

banner
წინა სტატიაშიკალაძე: ის დამოკიდებულება, რაც რეზოლუციის ჩანაწერში იყო ბიძინა ივანიშვილის მისამართით, კატეგორიულად მიუღებელია
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი – 630 დევნილ ოჯახს საკუთრებაში გადავცემთ საცხოვრებელ ბინებს, ასევე, მიწის ნაკვეთებს სხვადასხვა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში