ირაკლი ღარიბაშვილი – ჭიათურაში მაღაროელების პროტესტი სამართლიანია

ჭიათურაში მაღაროელების პროტესტი სამართლიანია და ამ გულწრფელ პროტესტს სჭირდება დროული რეაგირება, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკურმა მდივანმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჭიათურაში განაცხადა, სადაც „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო შეხვედრა გაიმართა.

„დღევანდელი გამოსვლა მინდა დავიწყო ჩემი სოლიდარობით მაღაროელების მიმართ. ჩემო ძვირფასო მშრომელებო, თქვენი პროტესტი სამართლიანია. თქვენს ამ გულწრფელ პროტესტს, რა თქმა უნდა, სჭირდება დროული რეაგირება. შევხვდებით ჩვენს მეგობრებს, მოვისმენთ პირადად მათ პრობლემებს და ვპირდებით, რომ ვიქნებით შუამავალი მენეჯმენტ კომპანიასთან, რომ მათი ყველა პრობლემა შეძლებისდაგვარად გადაწყდეს დროულად და პირობები გაუმჯობესდეს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ჭიათურაში მაღაროელების მოთხოვნაზე, რომლებიც სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მათი მოთხოვნა ძალიან მარტივი და გასაგებია.

​„მინდა, გავიხსენო რამდენიმე მნიშვნელოვანი მომენტი, როცა ჯერ კიდევ მთავრობის მეთაურად ვმუშაობდი. მაშინ მსგავსი პრობლემები ჩემამდე მოვიდა. აქ ჯერ კიდევ სულხან მახათაძე იყო გამგებელი. უშუალოდ ჩემი ჩართულობით შევძელით და წამოვიყვანეთ დათმობებზე მაშინდელი კომპანია და მენეჯმენტი. ძირითადი მოთხოვნები, რასაც ეს ხალხი აყენებს, არის ძალიან მარტივი და აბსოლუტურად გასაგები. მოვისმინე თქვენი მაჟორიტარისგან, რომ ჩვენს მაღაროელებს აქვთ ელემენტარული პრობლემები. მაგალითად, კვების პრობლემა. ის, რომ მენეჯმენტმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს ნორმალური კვება, ეს არის ნომერ პირველი ამოცანა. მე უბრალოდ მინდა მოვისმინო კომპანიის პასუხი, რატომ არ ხდება ამ პრობლემის მოგვარება. ის, რომ ჩვენს მაღაროელებს უნდა ჰქონდეთ შესაბამისი და ღირსეული ჯანდაცვა, არის თუ არა ეს სამართლიანი მოთხოვნა?! ის, რომ მათი ოჯახის წევრებს უნდა ჰქონდეთ დაზღვევა, არის თუ არა ეს სამართლიანი მოთხოვნა. დაახლოებით ოთხი წლის წინ, მაშინ ერთ-ერთი ჩვენი პირობა იყო, რომ კომპანიას დაეფინანსებინა საავადმყოფო ამ მაღაროში მომუშავეთათვის. პირობა მივიღეთ და აიღეს ვალდებულება, მაგრამ რატომღაც ეს პირობა არ შეასრულეს. მინდა, ღიად მივმართო კომპანიას, რომელიც დღეს მართავს ამ ძალიან სერიოზულ აქტივს. მოგმართავთ, შეასრულოთ თქვენი მოცემული პირობა ამ ხალხის წინაშე და ნუ მოვექცევით უსამართლოდ ჩვენს ძვირფას თანამოქალაქეებს. ეს იყო ჩემი ემოციური გამოსვლა, ამ მეტად საჭირბოროტო საკითხთან დაკავშირებით“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიFake ნიუსები – პრემიერის განცხადებით, Ipsos კვლევა საზოგადოებაში დისონანსის შეტანას ემსახურება
შემდეგი სტატია,,არჩევანი უნდა გავაკეთოთ კარგსა და უკეთესს შორის და არა კლანის აქტიურ და პასიურ წევრს შორის”-ანა დოლიძე