არავის მოეწონა ის, რაც ვიხილეთ, ეს არის ყოვლად მიუღებელი, პოლიციელებზე თავდასხმა არის იგივე სახელმწიფოზე თავდასხმა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა „რუსთავი 2“-ს განუცხადა.
ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა სამართალდამცველებს და დაგმო მათზე ძალადობის ფაქტები.
„ჩემთვის არის აბსოლუტურად მიუღებელი ის ძალადობა, რომელიც მთელმა საზოგადოებამ იხილა. ნახეთ, როგორ ესხმოდნენ თავს ჩვენს გმირ, საამაყო პოლიციელებს, ჩვენს სპეცრაზმელებს, პატრულის, კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებს, მეხანძრე-მაშველებს, როგორ უშენდნენ ცეცხლს საქართველოს პარლამენტის შენობას. მე მახსენდება ბავშვობის წლები, საშინელი პერიოდი, როცა პარლამენტს ესროდნენ ქვემეხებს და ესროდნენ ავტომატით. დღეს იგივეა, ფაქტობრივად, ჩემთვის იგივე ასოციაციები გამოიწვია ნანახმა მძიმე სცენებმა.
არავის მოეწონა ის, რაც ვიხილეთ, ეს არის ყოვლად მიუღებელი. პოლიციელებზე თავდასხმა არის იგივე სახელმწიფოზე თავდასხმა. როგორც რიგითმა მოქალაქემ და როგორც პარტიის თავმჯდომარემ, მინდა, პირველ რიგში, გადავუხადო ძალიან დიდი მადლობა ბატონ ვახტანგ გომელაურს, თითოეულ პოლიციელსა და სპეცრაზმელს. მათ ძალიან მაგრად მართეს ეს პროცესები და უნდა ითქვას პირდაპირ, რომ სწორედ პოლიციამ, ისევე როგორც უსაფრთხოების სამსახურმა, თავიდან აარიდეს ჩვენ ქვეყანას გადატრიალება და რევოლუცია.
ჩვენ კარგად ვიცით, რომ მათი მიზანი ის კი არ იყო, რომ ვიღაცას რაღაც განცხადება არ მოეწონა, რაზეც შემდეგ არაერთი განმარტება გაკეთდა მთავრობის მხრიდან, მათი მთავარი მიზანი იყო ის, რაც მთელი 12 წლის განმავლობაში მათ თავში აქვთ – ეს არის გადატრიალების გზით ხელისუფლებაში დაბრუნება ამ მოძალადე ფაშისტური ძალების.
ასევე, საზოგადოებამ იხილა ძალიან მკრეხელური, პირდაპირ უნდა ითქვას, სატანისტური რიტუალები, ამ ანარქისტების მიერ ჩატარებული რიტუალები – კუბოს დაწვა და ა.შ. მინდა, ვთქვა, რომ ის ადამიანები, რომლებიც შესაძლოა, გულწრფელად აპროტესტებენ, მათი იქ დგომა და თანამონაწილეობა ავტომატურად იწვევს ძალიან დიდ კითხვის ნიშნებს.
იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი გაივლის და ყველა კითხვას გაეცემა პასუხი. ჩვენს ქვეყანას დღეს სჭირდება მშვიდობა, ჩვენს ხალხს სჭირდება დამშვიდება, გაერთიანება საერთო მიზნების გარშემო. ამ არჩევნებზე ჩვენ მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ დაგვიჭირა მხარი – მილიონ 120 ათასი ადამიანი გამოვიდა და თქვა, რომ სურს, ხელისუფლებაში დარჩეს „ქართული ოცნება“. ვის აქვს უფლება, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს ასეთი მაღალი ლეგიტიმაცია?! მით უმეტეს, გაყალბების არცერთი ფაქტი მათ არ წარმოუდგენიათ საზოგადოებისთვის, ეს ყველაფერი იყო ტყუილი და ეს ტყუილი ძალიან მალე გაქარწყლდა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.