ირაკლი ღარიბაშვილი-არსებული ლიბერალური ნარკოპოლიტიკა მავნებლურია ჩვენი საზოგადოებისთვის, პრაქტიკამ და შედეგებმა გვაჩვენა, რომ კატასტროფული მდგომარეობაა ახალგაზრდებში და ნარკოპოლიტიკის გადახედვის მომხრე ვარ

არსებული ლიბერალური ნარკოპოლიტიკა მავნებლურია ჩვენი საზოგადოებისთვის, პრაქტიკამ და შედეგებმა გვაჩვენა, რომ კატასტროფული მდგომარეობაა ახალგაზრდებში და ნარკოპოლიტიკის გადახედვის მომხრე ვარ-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ნარკოპოლიტიკის გადახედვის ფარგლებში რელიზაცია გამკაცრდება.

“მიმდინარე ლიბერალური ნარკოპოლიტიკა არის აბსოლუტურად მავნებლური და ჩვენი საზოგადოებისთვის, შვილებისთვის, მოქალაქეებისთვის დამაზიანებელი. მე ზოგადად ნარკოპოლიტიკის გადახედვის მომხრე ვარ იმიტომ, რომ პრაქტიკამ და შედეგებმა გვაჩვენა, რომ კატასტროფული მდგომარეობაა, ახალგაზრდებში მით უმეტეს. ერთის მხრივ რომ წარმოვიდგინოთ განზოგადებულად, შეიძლება უტრირებას ვახდენ, მაგრამ მოსახლეობას რომ ავუხსნათ ძალიან მარტივად:კაცი არის სოციალურად დაუცველი,
ღებულობს ყოველთვიურად დახმარებას, ამ დახმარების მნიშვნელოვანი ნაწილი მიდის, ხარჯავს, კარგავს და ჩუქნის ვიღაცა ონლაინ კაზინოს და მესამე, ნარკოტიკების მომხმარებელია. პირობითად ვიძახი, განზოგადებულ შემთხვევას ვამბობ, რომლის არაერთი მაგალითი მსმენია. ეს რა თქმა უნდა ტრაგედიაა და ამას სასწრაფოდ რეალური ქმედება, ჩარევა სჭირდება. ფსიქოტროპული მედიკამენტები და ტაბლეტები, რომელსაც მოიხმარენ მათ შორის ახალგაზრდები,ეს უნდა შეჩერდეს, შეწყდეს. ამ მიზნით მე გუშინ მთავრობის სხდომაზეც ღიად განვაცხადე, მაქსიმალურად გავამკაცრებთ კონტროლს. თქვენ მკითხეთ, როგორ გადაიხედება ნარკოპოლიტიკაო-ამ გადახედვის ფარგლებში რა თქმა უნდა, გამკაცრდება რეალიზაცია. აი ამ აფთიაქებს, რომლებიც ურეცეპტოდ, უნებართვოდ გასცემენ, უპასუხისმგებლოდ იქცევიან და გაუცნობიერებლად თუ გაცნობიერებულად ჩვენი ახალგაზრდების დაღუპვაში იღებენ მონაწილეობას, ეს უნდა შეჩერდეს. ამას სახელმწიფოს მხრიდან ჩარევა სჭირდება,
როცა შენ უყურებ, რომ საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი არასწორედ მიდის, მთავრობას აქვს პასუხისმგებლობა და ვალდებულება, რომ მოახდინოს რეაგირება და დაეხმაროს საკუთარ მოსახლეობას. ამავდროულად, ნარკოდამოკიდებულ ადამიანებს შრომა უნდა დავაწყებინოთ და მათი რეალური უნარები და რესურსი განვითარებისკენ და აღმშენებლობისკენ უნდა მივმართოთ და არა რაღაც გაუგებარი არაპროდუქტიული საქმიანობისკენ. კონკრეტიკაზე საუბარი გამიჭირდება, მაგრამ ზოგადად მე ვფიქრობ, რომ რეაბილიტაციის ყველაზე კარგი გამოსავალია სპორტი, მუშაობა, დასაქმება. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი ამოცანა”,-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშინინო ლომჯარია: სახალხო დამცველის მიერ მოწვეულ ექიმთა კონსილიუმის დასკვნა გახდა სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანის მიზეზი (ვიდეო)
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი – ჰესების მიმართ პოლიტიკა უნდა იყოს შემდეგი – რაც ჩვენს ქვეყანას და მოსახლეობას სჭირდება – ასე უნდა მივუდგეთ