ირაკლი ჩიქოვანმა სამოქმედო გეგმა მოსახლეობას სოფელ ცაიშსა და ცაცხვში გააცნო

“ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი დღეს ცაცხვისა და ცაიშის მოსახლეობას შეხვდა. როგორც ირაკლი ჩიქოვანმა აღნიშნა ცაცხვის ინფრასტრუქტურულად გამართვა და მოწესრიგება პრიორიტეტულია.

“ცაცხვი ზუგდიდის კარიბჭედ იწოდება და მისი ინფრასტრუქტურულად გამართვა და მოწესრიგება უმნიშვნელოვანესია. ზუგდიდის სტუმარს სწორედ აქედან ექმნება პირველი შთაბეჭდილება ჩვენს მუნიციპალიტეტზე. ამ სოფელში ბევრი რამე გაკეთდა, ამჯერად მიმდინარეობს პროექტირების სამუშაოები სოფლის წყალმომარაგების კუთხით. ცაცხვი ეროვნული მოძრაობის წევრისა და ზუგდიდის პირველი პრეფექტის, თამაზ ჟორჟოლიანის მშობლიური სოფელია, სწორედ აქ ვგეგმავთ მისი სახელობის სკვერის მოწყობას. პროექტირების სამუშაოები უკვე დასრულების ეტაპზეა“-განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

კანდიდატმა ცაცხვის შემდეგ ადგილობრივებთან შეხვედრა ცაიშში გამართა და მომდევნო 4 წლის პრიორიტეტებსა და გეგმებზე ისაუბრა, რაც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის უკეთ განვითარებისთვის აქვს დასახული.

“ცაცხვის შემდეგ ცაიშში შევხვდით ადგილობრივებს, ცაიში ისტორიული სოფელია. ვისაუბრეთ მომდევნო 4 წლის პრიორიტეტებზე და იმ გეგმებზე, რაც ჩვენი მუნიციპალიტეტის უკეთ განვითარებისთვის გვაქვს დასახული. სოფელში განვითარებულია სასათბურე მეურნეობა, მათი უმრავლესობა სარგებლობს სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამებით და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ მეურნეობებში დასაქმებულია ადგილობრივი მოსახლეობა“ – აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.

ცაცხვსა და ცაიშში გამართულ შეხვედრებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური, ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუა, ზუგდიდის საარჩევნო შტაბის უფროსი გიორგი შენგელია, ქალაქის მოქმედი მაჟორიტარი მერაბ ქვარაია და სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის უფროსი ლაშა გვასალია ესწრებოდნენ.

banner
წინა სტატიაშირუსეთმა კორონავირუსის მეორე ვაქცინა დაარეგისტრირა
შემდეგი სტატიაილჰამ ალიევი – ომის დასრულების შემდეგ, მსოფლიო შეიცვლება