ირაკლი ჩიქოვანმა გიორგი გახარიას უღალატა?

ღალატი პოლიტიკაში, მით უმეტეს, ქართულ პოლიტიკაში, როგორც იტყვიან, „მოსული ამბავია“, თუმცა ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ჩვენი ე.წ. პოლიტიკოსები ღალატის მსოფლიო რეკორდებსაც აუმჯობესებენ. აი, მაგალითად, ავიღოთ ირაკლი ჩიქოვანი, რომლის „პოლიტიკური ნათლიაც“ „თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილი ლიდერი, თავდაცვის ექსმინისტრი ირაკლი ალასანია გახლავთ. დიახ, ქალბატონებო და ბატონებო, რომ არა ალასანია, ჩიქოვანი არამცთუ პოლიტიკოსი და რამდენიმე მოწვევის პარლამენტის წევრი ვერ გახდებოდა, არამედ, მისი არსებობის შესახებ ოჯახის წევრებისა და რამდენიმე ახლო ნათესავის მეტს არავის ეცოდინებოდა! ისე, ალბათ, ის დროც გახსოვთ, როცა ზუგდიდის მაჟორიტარი „ოცნებას“ ცოცხალსა და მკვდარს უტრიალებდა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ირაკლი ალასანიამ ივანიშვილის გუნდი და შესაბამისად, მთავრობა დატოვა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში აწ უკვე ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას აღზევება დაიწყო, ჩიქოვანმა „პლასტინკა ამოატრიალა“, ესე იგი, ხელმეორედ „გაქოცდა“ და საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ გახარიას მთავრობაში მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელის პრესსპიკერის პოსტი დაიკავა.
მოკლედ, ყველამ, ვინც პოლიტიკაში მეტ-ნაკლებად ერკვევა, იცოდა, რომ ირაკლი ჩიქოვანი გახარიას კადრი და დასაყრდენი იყო, მაგრამ როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, პოლიტიკაში მუდმივი მეგობრები არ არსებობენ. აი, მუდმივი მოღალატის სიმბოლოდ კი შესაძლოა, სწორედ ირაკლი ჩიქოვანი ჩავთვალოთ და აი, რატომ:
მას მერე, რაც პრემიერის პოსტი დემონსტრაციულად დატოვა, „ოცნების“ ერთპარტიული პარლამენტის ყველა დეპუტატმა, გიორგი გახარიას მადლობა გადაუხადა. აი, ირაკლი ჩიქოვანმა კი, რომელიც მეათე მოწვევის პარლამენტის წევრი გახარიას უშუალო ხელშეწყობით გახდა, პირში წყალი ჩაიგუბა და ამ დრომდე ხმა არ ამოუღია.
უფრო მეტიც, „თაიმერს“ „ოცნების“ კულუარებიდან კარგად ინფორმირებულმა წყარო უყვება, რომ სწორედ ჩიქოვანია ის ადამიანი, რომელიც ცდილობს, გახარიას წინააღმდეგ „ოცნებაში“ ერთგვარი მოძრაობა შექმნას, ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩიქოვანი ყოფილი პრემიერის წინააღმდეგ ილაშქრებს და პირველი იქნება, რომელიც გახარიაზე ღია შტურმს დაიწყებს!
არადა, კულუარებში ისიც კარგად ახსოვთ, რომ ჩიქოვანს ივანიშვილის გუნდი მოღალატეს რომ ეძახდა და გახარიამ ყველაფერი გააკეთა, ეს იარლიყი როგორმე ჩამოსცილებოდა.
სხვათა შორის, „თაიმერის“ წყაროს მონაცემებითვე, მას შემდეგ, რაც გვერდით დაიყენა, გახარიას აფრთხილებდნენ, თურმე, ჩიქოვანი შენც ისევე გიღალატებს, როგორც თავის დროზე ალასანიას უღალატაო და ასეც მოხდა – დიახ, ჩიქოვანმა გახარიასაც უღალატა, თუმცა საინტერესოა, რის ფასად ან რა გახდა ამ ღალატის მიზეზი? – ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ყველაზე კარგად, რა თქმა უნდა, თავად ზუგდიდის მაჟორიტარს შეუძლია.

WWW.TIMER.GE

banner
წინა სტატიაშიგრეგორი მიკსი საქართველოში არსებული სიტუაციის შესახებ ევროპული და ამერიკული საკანონმდებლო ინსტიტუტების წარმომადგენლების განცხადებას შეუერთდა
შემდეგი სტატიაახალციხეში ქალი გარდაცვლილი იპოვეს