ირაკლი ჩიქოვანის მტკიცე უარი და ზუგდიდის ყოფილი მერის ბრძოლა მერობის სავარძლისთვის

ქალაქ ზუგდიდის მერი ირაკლი გოგოხია

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ შესაძლოა ზუგდიდის მერის პოსტისთვის იბრძოლოს. ამ თემაზე გადაცემაში “კვირის აქცენტები” კომენტარი გააკეთა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა და “ძალა ერთობაშია”-ს პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ. იგი ადასტურებს, რომ ზუგდიდის მერის არჩევნებზე პარტია ნიკა მელიას კანდიდატურას განიხილავს. მისივე თქმით, საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არა არის, თუმცა ვერც იმის პირობას დებს, რომ ეს ასე არ მოხდება:

“ვერ დაგპირდებით, რომ ეს ასე არ იქნება, მაგრამ ვერც იმას ვიტყვი, რომ ამას ბეჭედი აქვს დარტყმული. ძალიან ბევრი კანდიდატი იხილება ოპოზიციიდან” – ამბობს ვაშაძე გადაცემაში “კვირის აქცენტები”

ვინ იბრძოლებს ზუგდიდის მერობისთვის?

ყოფილი მერი ლაშა გოგია გასული წლის დამლევს თავის მოადგილესთან ერთად ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს. საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური ზუგდიდში სალომე ზურაბიშვილს რომ მოეგო, გოგია კვლავ თავისუფლად ინავარდებდა. გოგიას არჩევნების წინ მოუწია პოსტიდან წასვლა. მისი გადადგომის მიზეზი ის ჩანაწერი გახდა, საიდანაც ჩანს, რომ იგი და მისი მოადგილე ქრთამს იღებენ.
ამ სკანდალისა და თანამდებობიდან წასვლის მიუხედავად, “ოცნებამ” საარჩევნო შტაბი მას ჩააბარა. როგორც ამბობენ, გოგიას კახა კალაძე და ირაკლი კობახიძე ლობირებედნენ.

“თაიმერის” ინფორმაციით, ირაკლი ჩიქოვანმა, რომელიც ირაკლი ალასანიას თანაპარტიელი იყო, საბოლოოდ უარი თქვა გაზაფხულზე დაგეგმილი მერის რიგგარეშე არჩევნებში მონაწილეობის მიღებაზე.

ვინ უნდა “ქართულ ოცნებას”?

“ქართულ ოცნებაში” “თაიმერის” ექსკლუზიური ინფორმაციით, საინიციატივო ჯგუფი აირჩევს მერობის კანდიდატს. წინასწარი ინფორმაციით, აქცენტი ახალდანიშნული მერის მოვალეობის შემსრულებელზე გეგა-გიორგი შენგელაიაზე კეთდება. სწორედ რომ აქ არის ძაღლის თავი დამარხული. ყოფილი მერი ირაკლი გოგოხია ინტენსიურ მოლაპარაკებას აწარმოებს მმართველ პარტიასთან და საინიციატივო ჯგუფის წევრებთან. როგორც წყარო გვიყვება, გოგოხიას იმედი აქვს რომ “ოცნების” საინიციატივო ჯგუფი სწორედ მას დაასახელებს.

მოდი ვნახოთ ვინ არის ირაკლი გოგოხია.

ქალაქ ზუგდიდის მერმა ირაკლი გოგოხიამ 2016 წელს შპს „ზუგპეტროლსა“ და შპს „ოილ პრო“-ში საკუთარი ბიზნეს წილებიდან 100 862 ლარის ოდენობის შემოსავალი მიიღო. ირაკლი გოგოხია 7 კერძო კომპანიის მეწილეა. ის ქალაქ ზუგდიდის მერად 2014 წელს აირჩიეს. მანამდე კი ბიზნესის სფეროში საქმიანობდა, თუმცა ეს საქმიანობა საჯარო თანამდებობის დაკავების შემდეგაც არ შეუწყვეტია.
ოფიციალურად დეკლარირებული მონაცემებით, ირაკლი გოგოხიამ 2016 წლის განმავლობაში შპს „ზუგპეტროლი“-დან, სადაც კაპიტალის 1/3-ს ფლობს, მიიღო 60 297 ლარის შემოსავალი, ხოლო შპს „ოილ პრო“-დან, რომელშიც იგი 50 % წილის მფლობელია, 40 565 ლარი. ქალაქის მერის თანამდებობაზე მისი ანაზღაურება კი იმავე პერიოდში 38 690 ლარი იყო, საიდანაც 5 690 ლარი პრემიის თანხაა.
წინა წლებში წარდგენილი დეკლარაციების მიხედვით, ირაკლი გოგოხიას ბიზნესიდან შემოსავალი 2014 წელს 80 660 ლარი იყო, 2015 წელს კი – 85 710 ლარი შეადგინა.
დღეისათვის, ირაკლი გოგოხია კიდევ 5 საწარმოში ფლობს წილებს: შპს „იმედი-2“, შპს „ოილ პრო ჯგუფი“, შპს „უნივერსალი XXI“, შპს „ჯიპსი“ და შპს „ვიქტორია 2012“.

აი რას აცხადებდა თავის დროზე სამოქალაქო მოძრაობა “სამეგრელოს ხმის” დამფუძნებელი თენგო ჯგუშია.

„მაშ, დავიწყოთ: ,,აგრი ჯორჯია” იყო თხილის პლანტაციების მფლობელი ფირმა, რომელსაც საკუთარი ტექნიკისთვის დიდი ოდენობით დიზელის საწვავი შემოჰქონდა შესაბამისი სამუშაოების შესასრულებლად.
მის საქმიანობას ,,კურირებდა” გოროზია, ხოლო ჩიქოვანი და გოგოხია პარტნიორები იყვნენ. მოკლედ, ამათ ,,კრიშავდა” გოროზია. გოგოხიას ზუგდიდში ჰქონდა ორი ბენზინგასამართი სადგური, რომელიც მიჰყიდეს „რომპეტროლს“ და მასთან წილში დარჩნენ, მაგრამ „აგრი ჯორჯიას“ სახელით მაინც შემოჰქონდათ დიზელის საწვავი ანუ „აგრი ჯორჯიას“ მიერ შემოტანილ და სინამდვილეში სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისთვის განკუთვნილ საწვავს უკანონოდ ასხამდნენ „რომპეტროლის“ ,,კალონკებში” და იქიდან ახდენდნენ ამ ,,ლევი” საწვავის რეალიზაციას ყალბი დოკუმენტების დამზადებით.
დიახ, ეს იყო „აგრი ჯორჯიას“ კუთვნილი საწვავი, მაგრამ წინასწარ შეთანხმებული თაღლითური გეგმის საფუძველზე, კანონის დარღვევით და ყალბი დოკუმენტაციის გაფორმებით ჩასხმული „რომპეტროლის“ „კალონკებში“.
ამ ,,ლევი” საწვავის რეალიზების შემდეგ თანხა პირდაპირ მიდიოდა თაღლითების ჯიბეში, საგადასახადოს გვერდის ავლით. ასობით ტონა დიზელის რეალიზებას უპრობლემოდ ახერხებდნენ. ამ ოპერაციით სახელმწიფო კარგავდა უზარმაზარ თანხებს გოგოხიასა და მისი თანამზრახველების მიერ შემოსავლების დამალვის ხარჯზე, ხოლო წილები იყოფოდა თაღლითური სქემის ავტორებს შორის.
გოგოხიას და ჩიქოვანის დაკავებით ახალაიებს გოროზიაზე გასვლა უნდოდათ. ცნობილია, რომ ახალაია და გოროზია სამკვდრო-სასიცოცხლოდ იყვნენ გადაკიდებული ერთმანეთს, რადგან სააკაშვილი ასეთი ფორმით აბალანსებდა ,,პალაჟენიას” სამეგრელოში.
გოგოხიამ და ჩიქოვანმა გოროზია არ ჩაუშვეს იმის სანაცვლოდ, რომ გოროზია აიღებდა პასუხისმგებლობას მათი ციხიდან გამოყვანაზე და რომ გადაიხდიდნენ თანხას და ააშენებდნენ სასტუმროს განმუხურში.
აი, სულ ეს არის, ბატონებო! აი, რისთვის იყო პასუხისგებაში მიცემული გოგოხია. ეს არის სრული სიმართლე. ხოლო თუ გოგოხიას შერჩენია რაიმე რესურსი ,,თავის დასაძვრენად”, აგერ ვარ მე, აგერ არის კანონი და გამცეს და მომთხოვოს პასუხი !!! ,,წარმატებული ბიზნესი” მქონდაო, – წერს გოგოხია. ხომ სასაცილოა: ,,ლევი” ბენზინის გაყიდვა და სახელმწიფოს და ხალხის კუთვნილი თანხების მოპარვა ,,წარმატებული ბიზნესი” ყოფილა თურმე. გოგოხიას ალალი ბიძაც რომ ყოფილიყო პროკურორი, ასეთი თავხედური გზით და ასე აშკარად ჩადენილ დანაშაულზე ძალიანაც რომ მოენდომებინა, თვალს ვერანაირად ვერ დახუჭავდა და ასეთ სისაძაგლეს ვერ დამალავდა. სწორედ ამიტომ იმალებოდა გოგოხია ჩირგვებში საარჩევნო პერიოდში, ხოლო მისმა სიმამრმა ზურაბ ცხონდიამ კორუფციასთან მებრძოლ მოუსყიდველ რაინდად შერაცხა როლანდ ახალაია, რითაც ოფიციალურად მოახდინა თავისი ერთადერთი ქალიშვილის მეუღლის კრიმინალად აღიარება და ფაქტიურად, მადლობა გადაუხადა როლანდ ახალაიას საკუთარი სიძის დაჭერისთვის…და ეს იმის სანაცვლოდ, რომ ახალაიას შემთხვევით ცუდ ხასიათზე გაღვიძებულს ისევ არ შეებრუნებინა ვირის აბანოში გოგოხია. ასეთი გახლავთ გოგოხიას ,,წარმატებული ბიზნესის” და თაღლითობის ანატომია! ” – აცხადებდა თავის დროზე თენგო ჯგუშია.

“ოცნების” კანდიდატს, შესაძლოა, პრობლემები შეუქმნას დამოუკიდებელმა კანდიდატმა მალხაზ ქუჩულორიამაც. ახლო წარსულში მისი კანდიდატურა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პოსტზეც განიხილებოდა. მან ამ მიმართულებით აქტიურობა ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს დაიწყო. სოციალურ ქსელში შექმნილია მისი ოფიციალური გვერდიც კი.

მერობაზე ასევე პრეტენზიას ზვიად (დომენტი) სიჭინავა აცხადებს.

banner
წინა სტატიაშილონდა თოლორაია – “ბავშვების წინააღმდეგ სექსუალური დანაშაულის ჩამდენთა ბაზები გაკეთდება, რაც ძალადობის განმეორებით ჩადენის პრევენციაა”
შემდეგი სტატიაეკლესიას უფრო მეტი თავგანწირულობა შეეძლო, გამოეჩინა 1990-იან წლებში