ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოსთვის მნიშვნელოვან ორ დოკუმენტს განიხილავენ

დეპუტატ ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი ორი დოკუმენტი განიხილება.

„დღეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პირველი დღეა. დღეს განიხილება ორი დოკუმენტი, რომელიც ჩვენი დელეგაციისთვის და ჩვენი სახელმწიფოსთვის არის მნიშვნელოვანი. ერთი გახლავთ დოკუმენტი, რომელიც საქართველოში საპარლამენტო არჩევნების დროს მყოფი სადამკვირვებლო კომისიის მხირდან არის მომზადებული და პირდაპირ, ნათლად არის მითითებული, რომ საქართველოში არჩევნები ჩატარდა თავისუფალ გარემოში. რა თქმა უნდა, ასევე არის პირდაპირი მითითება იმის თაობაზე, რომ კონკრეტულმა ოპოზიციურმა პარტიებმა მიიღონ მონაწილეობა საპარლამენტო ცხოვრებაში და მიიღონ მონაწილეობა პარლამენტის საქმიანობაში.

ასევე ჩვენ განვიხილავთ დღეს მონიტორინგის კომიტეტის მოხსენებას, სადაც თქვენ იცით, რომ საქართველო წლიდან წლამდე არის მოხსენიებული, როგორც ქვეყანა, რომელიც ახორციელებს პროგრესს რეფორმების თვალსაზრისით. რა თქმა უნდა, აქ არის საუბარი როგორც ჩატარებულ არჩევნებზე, ასევე ჩვენთან,ზოგადად ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ მდგომარეობაზე, ასევე იმ ოკუპაციაზე, რომელსაც ახორციელებს რუსეთის ფედერაცია ჩვენს ტერიტორიებზე.

საქართველოს დელეგაცია ორივე ამ დოკუმენტის განხილვაში მიიღებს მონაწილეობას. ჩვემ გვექნება ჩვენი მოხსენებები, სადაც პირდაპირ და ღიად ვისაუბრებთ იმაზე, რა შედეგები მივიღეთ აქამდე გატარებული რეფორმების საფუძველზე და რას ვგეგმავთ მომავალში, რათა კიდევ უფრო სრულვყოთ ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხი“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ვირუსის ბლოკატორები