ირაკლი ჩიქოვანი: საარჩევნო პროცესში სუს-ის ჩარევას ყოველდღიურად ვხედავთ

„თავისუფალი დემოკრატების“ წევრი ირაკლი ჩიქოვანი შინაგან საქმეთა მინისტრის განკარგულებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, არჩევნების უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში ჩატარების ხელშეწყობის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრო დამატებით ღონისძიებებს განახორციელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროში ნამდვილად მსახურობენ ისეთი ოფიცრები და ადამიანები, რომელთაც არანაირი სურვილი არ აქვთ ამ პროცესში იყვენენ ჩართულები. მაგრამ არიან პოლიტიკური ხელმძღვანელები, ვინც მათ ამას აიძულებენ. არ არის საჭირო საჩვენებელი თათბირების ჩატარება. საჭიროა მოქმედება, საჭიროა ნათლად გამოვლინდეს ის, რომ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც შეუშლის ხელს საარჩევნო პროცესს, იყოს დასჯილი და ადეკვატურად დასჯილი. მეორეს მხრივ, მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროზე არ არის საუბარი. ჩვენ ასევე უნდა ვისაუბროთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე, რომლის ყოველდღიურ ჩარევასაც ყოველდღე ვხედავთ საარჩევნო პროცესში, რაც სამწუხაროდ, არ განსხვავდება 2012 წლის რეალობიდან”- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ჟურნალისტის კითხვაზე – რა ტიპის ჩარევაზეა საუბარი, ჩიქოვანმა განმარტა, რომ პარტიის საჯარო შეხვედრებზე ხშირად მიმდინარეობდა ვიდეოგადაღება და საარჩევნო შტაბის წევრებზე დაკვირვება.

„ჩვენ გვქონდა არაერთი შემთხვევა, რომელზეც ღიად და საჯაროდ ვსაუბრობდით, რომ ჩვენს საჯარო შეხვედრებზე, ხშირ შემთხვევაში, მიმდინარეობდა ვიდეოგადაღება და იდენტიფიცირებაც კი მოვახდინეთ რამდენიმე სატრანსპორტო საშუალების. უკანასკნელ პერიოდში, როდესაც ირაკლი ალასანია წარდგენილი იქნა როგორც მაჟორიტარობის კანდიდარი გორში, მიმდინარეობს დაკვირვება შტაბის ზოგიერთ წევრზე. ეს არის რეალობა, ამას თვალი უნდა გავუსწოროთ და ამას არ სჭირდება დამალვა. ამას სჭირდება მოქმედება და აღმოფხვრა“ – აღნიშნა ჩიქოვანმა.

banner
წინა სტატიაში(+აუდიო) ნიკა გვარამიასა და პაატა ბურჭულაძის სკანდალური აუდიოჩანაწერი გავრცელდა
შემდეგი სტატიაგია ვოლსკი: პოლიცია იქნება თუ სხვა, ყველა უნდა ეცადოს, რომ ნებისმიერი დაძაბულობის პრევენცია მოხდეს