ირაკლი ჩიქოვანი – ევროპარლამენტის რეზოლუციაში ბევრი ფაქტობრივი უზუსტობაა, რომელიც რეალობას არ ასახავს

დარწმუნებული ვარ, ევროპარლამენტის რეზოლუცია ვერ მიაყენებს ჩრდილს იმ პროგრესს, რომელიც საქართველოს აქვს მიღწეული და რომელიც ყველასთვის თვალსაჩინოა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

როგორც ირაკლი ჩიქოვანმა აღნიშნა, არც ნიკა გვარამია და არც მიხეილ სააკაშვილი არ არიან მედია გარანტორები.

„რეზოლუციაში ბევრი ფაქტობრივი უზუსტობაა, რომელიც რეალობას არ ასახავს, სიმართლე არ არის. ეს ჩვენთვის ძალიან დასანანია, თუმცა ამის მიუხედავად იმ გადაწყვეტილებას ველოდებით, რომელიც რამდენიმე კვირაში იქნება მიღებული. იმედს ვიტოვებთ, რომ საქართველო ტრიოს სხვა სახელმწიფოებთან ერთად ევროკავშირის წევრობის კანდიდატი გახდება. არც აქამდე ყოფილა ნაკლები მუშაობა და ინფორმირება, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც არიან „ნაციონალური მოძრაობის“ ლობისტები, სამწუხაროდ, ევროკავშირშიც არიან და აქედან გამომდინარე ის მივიღეთ, რაც მივიღეთ. დარწმუნებული ვარ, რეზოლუცია ვერ მიაყენებს ჩრდილს იმ პროგრესს, რომელიც საქართველოს აქვს მიღწეული, რომელიც ყველასთვის თვალსაჩინოა და სანამ ომი დაიწყებოდა, საქართველო ნამდვილად იყო დაწინაურებულ პოზიციებზე ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულების თვალსაზრისით ნებისმიერ სხვა სახელმწიფოსთან შედარებით. რეზოლუცია არის პოლიტიკური დოკუმენტი, რომელშიც მძლავრობდა პოლიტიკური ინტერესები და ზუსტად აქედან გამომდინარე არის ისეთი დოკუმენტი, რომელიც მივიღეთ“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

მისივე თქმით, ვინმე თუ იმსახურებს კანდიდატობას ევროკავშირში, ეს არის საქართველო.

„ჩვენ კარგად გვესმის ის გეოსტრატეგიული ვითარება, რომელიც ახლა არის ევროპასა და მსოფლიოში, ამას ვითვალისწინებთ და მიგვაჩნია, რომ დღეს, კანდიდატის სტატუსი სამივე ქვეყანამ უნდა მიიღოს. საქართველოში გატარებულია რეფორმები, რომელიც მიმართულია დემოკრატიაზე, ადამიანის უფლებების გაძლიერებასა და კანონის უზენაესობის უზრუნველყოფაზე. ჩვენ გვაქვს უზარმაზარი პროგრესი და ყველა მიმართულებით დაფიქსირებულია, რომ საქართველომ ძალიან მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია. საუბარია იმაზეც, რომ მომავალშიც უნდა ვიმუშაოთ დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისთვის, მაგრამ როცა ამის ფონზე ვიღებთ პირდაპირ მიკერძოებულ და არასწორ ინფორმაციაზე დაყრდნობილ რეზოლუციას, თქვენ მკითხეთ, ამის მიზეზი რა შეიძლება ყოფილიყო. მიზეზებზე შემიძლია, ვივარაუდო და გეტყვით, რომ არიან პოლიტიკური ძალები საქართველოში და მათ ჰყავთ ლობისტები, რომელთაც შეიძლება, შორს მიმავალი გეგმები აქვთ და კანდიდატის სტატუსის მონიჭება-არმინიჭებაზე აქვთ გარკვეული, სხვა მიზნები, რომელიც გულისხმობს ქვეყანაში დაძაბულობას და გარკვეულწილად არადემოკრატიული პროცესების განვითარებას. მიღებული რეზოლუციაც კი ვერ ამბობს, რომ საქართველო არ იმსახურებს კანდიდატობას, პირიქით, მასშიც კი წერია, რომ ქვეყანას სტატუსი უნდა მიენიჭოს. თუნდაც ის არის სპეკულირება – რა დროს და როდის მოხდა რეზოლუციის მიღება“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

banner
წინა სტატიაშიიაგო ხვიჩია – ღმერთმა ნუ ქნას, რომ ჩვენი ბედი დამოკიდებული იყოს იმაზე, „ქართული ოცნება“ როგორ მოიქცევა
შემდეგი სტატიაგრიგოლ ვაშაძე – ევროპარლამენტის რეზოლუციას ბევრი კომენტარი არ სჭირდება, ეს არის უმძიმესი რეზოლუცია საქართველოსთვის