ირაკლი ჩიქოვანი : დღესაც მრავალი ოპერატიული ღონისძიებაა დაგეგმილი, დარწმუნებული ვარ, რომ დამნაშავის დაკავება და პასუხისგებაში მიცემა მოხდება

სამძებრო ღონისძიებები კვლავაც ტარდება. მრავალი ოპერატიული ღონისძიებაა დაგეგმილი დღის განმავლობაში,- ამის შესახებ “ქართული ოცნების” ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა “საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალზე თავდასხმასთან დაკავშირებით განაცხადა.

რაც შეეხება ვერსიას, რომლის თანახმადაც, პირი, რომელიც „საქართველოს ბანკის“ ფილიალს თავს დაესხა, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე გადავიდა, მისი განცხადებით, სპეკულაციები აღნიშნული თემის გარშემო უპასუხისმგებლობაა.

„პირველი ეტაპი, რომლის უმთავრეს ამოცანასაც წარმოადგენდა მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფა და საფრთხის განეიტრალება, ეს შედეგი დადგა და ამისთვის მადლობა მინდა ვუთხრა სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს. რა თქმა უნდა, იყო შესაძლებლობა, რომ ყველაფერი სხვა სცენარით განვითარებულიყო, მაგრამ სამართალდამცავებმა ამისგან თავი შეიკავეს და მიღწეული იქნა მიზანი. სპეციალური მადლობა მინდა ვუთხრა ავთანდილ გალდავას, რომელმაც მაღალი პროფესიონალიზმი გვაჩვენა. ოპერაცია კვლავაც მიმდინარეობს, სამძებრო ღონისძიებები ტარდება. ვიცი, რომ დღესაც მრავალი ოპერატიული ღონისძიებაა დაგეგმილი დღის განმავლობაში. იმედს ვიტოვებ და დარწმუნებული ვარ, რომ მოხდება დამნაშავის დაკავება და პასუხისგებაში მიცემა.

მე მესმის ჟურნალისტების და საზოგადოების მხრიდან მაღალი ინტერესი, მაგრამ ადამიანები და პოლიტიკოსები, რომლებიც სპეკულაციას იწყებენ და ცდილობენ თავი წარმოაჩინონ, როგორც უმაღლესი დონის გამომძიებლები, ვთვლი, რომ ეს არის უპასუხისმგებლობა. გვყავს შესაბამისი კომპეტენტური სამართალდამცავი ორგანოები, რომლებსაც უნდა მივცეთ საშუალება იმუშაონ“,- აღნიშნა ჩიქოვანმა.

banner
წინა სტატიაშიპოლიციამ გარდაბნის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა – დაკავებულია 1 პირი
შემდეგი სტატიაქობულეთში, კომპანია DDG-ის ინკასატორი დააყაჩაღეს