ირაკლი ჩიქოვანი – დამაჯერებლად შეგვიძლია ვთქვათ, გეგა შენგელია პირველივე ტურში გახდება ზუგდიდის მერი

დამაჯერებლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ პირველ ტურშივე დასრულდება ეს არჩევნები და გეგა შენგელია გახდება ზუგდიდის მერი, – ამის შესახებ ზუგდიდში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის გიორგი შენგელიას შტაბის უფროსმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

როგორც ირაკლი ჩიქოვანმა აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგი იყო სიტუაციის არევა ზუგდიდში, რასაც ისინი ვერ მოახერხებენ.

„კიდევ ერთხელ მივმართავ ჩემს ზუგდიდელებს, რომ მათ კვლავაც უნდა გააგრძელონ აქტიური მონაწილეობა არჩევნებზე, თითოეულმა ჩვენგანმა უნდა მიიღოს მონაწილეობა, რათა საბოლოოდ გავაფორმოთ ჩვენი გამარჯვება. ახლა იწყება ახალი ეტაპი ჩვენი ამომრჩევლების მობილიზაციის და ეს ადამიანები უკვე მზად არიან მოვიდნენ, დაგვიდასტურეს მათი მონაწილეობის შესახებ და ჩვენ კიდევ მეტ და დიდ უპირატესობას ველოდებით ჩვენი კანდიდატის სასარგებლოდ. ხოლო, რაც შეეხება იმ მოვლენებს, რომელიც ვითარდებოდა პროვოკაციების ფონზე „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან და სხვადასხვა ე.წ არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, ცხადზე ცხადია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგი იყო სიტუაციის არევა ზუგდიდში, სიტუაციის ე.წ ადუღება, როგორც ისინი ამბობენ და შემდგომში ამ ვითარების გავრცობა მთელს საქართველოზე. პირდაპირ ვამბობთ, რომ ეს ზუგდიდიდან არ დაიწყება და ამას ზუგდიდიდან ისინი ვერ მოახერხებენ. ნათელია, რომ მიხეილ სააკაშვილის ჩართვა სრული დადასტურებაა იმ ინფორმაციისა, რომელიც რამდენიმე საათის წინ გავრცელდა ჩვენი შტაბის მხრიდან და ყველა ნათლად ხედავთ, რომ ზუგდიდში ჩამოსული ადამიანები, მათ შორის სანდრა რულოვსი არც არასოდეს გეგმავდა რეალურად ზუგდიდელების პრობლემებზე საუბარს და ზრუნვას. არამედ, მათი მთავარი საზრუნავი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან დებოშის ატეხვა ზუგდიდში და ქაოსი სრულიად საქართველოში. კიდევ ერთხელ მივმართავ ყველა ჩვენს აქტივსტს, გამოიჩინონ მაქსიმალური მოთმინება. გასაგებია, რომ ის, რასაც ჩვენ ვხედავთ ტელევიზიით არის ამაზრზენი, არის შეურაცხმყოფელი ზუგდიდელების მიმართ, მაგრამ გამოიჩინეთ მაქსიმალური მოთმინება, სულ რამდენიმე საათია დარჩენილი, რომ ჩვენ ვიზეიმოთ გამარჯვება“,- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

banner
წინა სტატიაში,,მინდა ვუთხრა პოლიციელებს, რომ ცოტა დამშვიდდით და ნუ ასრულებთ ზედმეტი ენთუზიაზმით უკანონო ბრძანებებს”
შემდეგი სტატია“პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევასა და წვრილმანი ხულიგნობისთვის 5 პირია დაკავებული” – ნათია მეზვრიშვილი