ირაკლი ჩიქოვანი – ჩვენი მთავარი მიზანი არ არის მხოლოდ Covid-19-თან ბრძოლა, არის მეორე ამოცანაც – ეკონომიკა, რომელსაც სჭირდება გახსნილი შესაძლებლობები და საქართველო აუცილებლად დაუბრუნდება იმ პოზიტიურ ტრაქეტორიას, რომელიც ჰქონდა

გადაწყვეტილებები, ჩვენ თავიდანვე მივიღეთ. ეს ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ დაიწყო, მაშინ როდესაც საქართველოში საერთოდ არ იყო დაფიქსირებული Covid-19-ის შემთხვევა, ჩვენ დავინახეთ, რომ ეს იყო საფრთხე, რომელიც საქართველოს გვერდს არ აუვლიდა. შევეცადეთ, მაქსიმალურად, შეგვეკავებინა ვირუსი, რომ მაქსიმალურად ნაკლები ადამიანი დაინფიცირებულიყო ქვეყანაში და შესაბამისად, ჯანდაცვის სისტემას ჰქონოდა უფრო მეტი შესაძლებლობა, რომ ადეკვატური სერვისი შეეთავაზებინა მათთვის, ვისაც ეს დასჭირდებოდა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

მისივე თქმით, შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები ძალიან სერიოზული და მნიშვნელოვანი ანალიზის საფუძველზეა გაკეთებული.

„გვესმის, რომ დაწესებული შეზღუდვები არის საკმაოდ რთული და ყველას მოუწია ცხოვრების ყოველდღიური წესის შეცვლა, მაგრამ ეს შეზღუდვები არ იყო თვითმიზანი, იყო დაცვის შესაძლებლობა თითოეული ჩვენგანისთვის. სწორად გადადგმული ნაბიჯებით, რომლებიც იყო თანმიმდევრული, რომელიც თან ახლდა Covid-19-ის გამოწვევებს მსოფლიოს მასშტაბით და მათ შორის საქართველოში, ჩვენ შევეცადეთ, რომ გაგვესწრო ამ გამოწვევებისთვის და დღეს გვაქვს შედარებით პოზიტიური შედეგი. ჩვენი მთავარი მიზანი არ არის მხოლოდ და მხოლოდ Covid-19-თან ბრძოლა, არის მეორე ამოცანაც, ეს არის ეკონომიკა, რომელსაც სჭირდება მოძრაობა და გახსნილი შესაძლებლობები და, რა თქმა უნდა, საქართველო აუცილებლად დაუბრუნდება იმ პოზიტიური და დადებითი დინამიკის ტრაექტორიას, რომელიც აქამდე ჰქონდა. შემსუბუქებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები ძალიან სერიოზული და მნიშვნელოვანი ანალიზის საფუძველზეა გაკეთებული, მაგრამ ნურავის შეექმნება წარმოდგენა, რომ ბიზნესსექტორები, რომლებიც დღეს საქართველოში ოპერირებენ, ჩვეული რეჟიმით განაგრძობენ საქმიანობას, როგორც აქამდე იყო. ყოველ კონკრეტულ მიმართულებაზე ჯანდაცვისა და შესაბამის დარგობრივ სამინისტროებს შემუშავებული აქვს კონკრეტული რეკომენდაციები, რომელთა დაცვაც აუცილებელია, ესაა ახალი რეალობა, ახალი ნორმალური ვითარება,“- აღნიშნა პრემიერის მრჩეველმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ჩიქოვანი – მსოფლიო სოლიდარობაში ბიძინა ივანიშვილის მიერ განხორციელებული კონტრიბუცია კოვიდის ფონდში, ისეთ პატარა სახელმწიფოში, როგორიც საქართველოა, არის ნომერი ერთი მსოფლიოში სულ მოსახლეზე
შემდეგი სტატიასამეგრელოში გამოკვლეულ 96 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა