“ქართული ოცნების” წევრი ირაკლი ჭეიშვილი კოალიცია „ცვლილებისთვის“ ლიდერის, ნიკა მელიას მიერ საპატიმროდან გავრცელებულ წერილს ეხმიანება. მელიამ მიხეილ სააკაშვილი მმართველ გუნდთან ფარულ მოლაპარაკებებში დაადანაშაულა და მოუწოდა, გაასაჯაროოს იმ „ოცნების“ მაღალჩინოსნის ვინაობა, ვისთანაც კონტაქტობდა. ჭეიშვილი ამ ბრალდებას ოპოზიციის დადგმულ ფანდს უწოდებს და მელიას მოუწოდებს, ინფორმაციის ფლობის შემთხვევაში, თავად დაასახელოს კონკრეტული გვარები.
უმრავლესობის წევრის შეფასებით, მმართველი გუნდისთვის სააკაშვილიც და მელიაც ერთი ძალის ნაწილია.
„ახლა ცდილობს, რომ თავი დაიძვრინოს და ყველაფერი ერთ მხარეს გადააბრალოს. ჩვენთვის ეს არის ერთი ჯოხის ორი ბოლო — სააკაშვილი იქნება თუ მელია. ჩვენთვის ესენი კოლექტიური `ნაციონალური მოძრაობაა~. თუ 4 წლის წინ მსგავსი ინფორმაცია ჰქონდა, უნდა გამოექვეყნებინა. მეტსაც გეტყვით — ამ წერილით იკვეთება, რომ მელიას აქვს ინფორმაცია, ვისზეც არის საუბარი. გამოვიდეს და თვითონ გაასაჯაროოს და მერე მოხდეს აღნიშნული ფაქტის შესწავლა“, — აცხადებს ჭეიშვილი.
ირაკლი ჭეიშვილი კატეგორიულად გამორიცხავს მმართველი პარტიის წარმომადგენლების მხრიდან ექსპრეზიდენტთან რაიმე სახის ფარულ კომუნიკაციას და აღნიშნულს ოპოზიციის შიდა გარჩევებად აფასებს.
„სააკაშვილს ეუბნება, გაასაჯაროვეო, როცა თვითონ იცის. გამოვიდეს და თავად გაასაჯაროოს. `ოცნების~ მაღალჩინოსანს ახსენებს მგონი და დარწმუნებული ვარ, იქ არავის არავითარი კონტაქტი არ ექნებოდა მიხეილ სააკაშვილთან. ეს ერთგვარი მაგათი დადგმული ფანდია“, — აღნიშნა ირაკლი ჭეიშვილმა.

















