ირაკლი ბერაია: ქართული სახელმწიფოს პრიორიტეტი ბრძოლისუნარიანი, თვითმყოფადი, ლეტალურობის მაღალი ხარისხით გამორჩეული და ნატოსთან თავსებადი თავდაცვის ძალების მშენებლობაა

„ქართული სახელმწიფოს პრიორიტეტი ბრძოლისუნარიანი, თვითმყოფადი, ლეტარულობის მაღალი ხარისხით გამორჩეული და ნატოსთან თავსებადი თავდაცვის ძალების მშენებლობაა, რომელსაც ერთის მხრივ, შეუძლია ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა და მეორეს მხრივ, საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცება“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიამ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც „მინისტრის საათის“ ფორმატში, თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის გამოსვლა შეაფასა.
კომიტეტის თავმჯდომარემ ბოლო წლებში, თავდაცვის სფეროში განხორციელებულ რეფორმებსა და თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების კუთხით გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრა.
„საქართველოს პარლამენტის ტრიბუნიდან განსაკუთრებულ მხარდაჭერას ვუდასტურებთ ჩვენ სახელოვან სამხედრო მოსამსახურებს, უწყების სამოქალაქო თანამშრომლებს და მადლობას ვუხდით თვითოეულ მათგანს გაწეული სამსახურისთვის. განსაკუთრებით პატივისცემით და მადლიერებით გავიხსენებ საქართველოს ერთიანობისთის ბრძოლებში და საერთაშორისო მისიებში დაღუპულ გმირებს.
დღეს საქართველო ეგზისტენციალური საფრთხეების წინაშე დგას, რაც განპირობებულია რუსული ოკუპაციით, ოკუპირებული რეგიონების მილიტარიზაციით და ანექსიური საფრთხეების გაღრმავებით. რუსეთის ფართო მასშტაბიანი სამხედრო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, რომელიც მსოფლიოს გავლენის სფეროებად დაყოფის მიზნით, საქართველოს წინააღმდეგ 90-იან წლებში პროვოცირებული და მართული პროცესების, ასევე 2008 წლის სამხედრო ინტერვენციის გაგრძელებას წარმოადგენს, უსაფრთხოების გარემოს კიდევ უფრო ამძიმებს, ძირს უთხრის წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს და ზრდის საქართველოს წინააღმდეგ შესაძლო ესკალაციის რისკებს. არსებული გამოწვევების პირობებში თავდაცვისუნარიანობის გამტკიცება არის ქვეყნის უსაფრთხოების და განვითარების უმნიშვნელოვანესი წინაპირობა. შესაბამისად, ქართული სახელმწიფოს პრიორიტეტი ბრძოლისუნარიანი, თვითმყოფადი, ლეტარულობის მაღალი ხარისხით გამორჩეული და ნატოსთან თავსებადი თავდაცვის ძალების მშენებლობაა, რომელსაც ერთის მხრივ, შეუძლია ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა, და მეორეს მხრივ, საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცება“,- განაცხადა ირაკლი ბერაიამ.
მისივე თქმით, მინისტრის მოხსენებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცება წარმატებით მიმდინარეობს.
მინისტრის მოხსენებამ და კითხვებზე ამომწურავმა პასუხმა კიდევ ერთხელ ცხადყო, თუ როგორი წარმატებით მიმდინარეობს ნატო-ს მთავარი ასპირანტის და გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორის – საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცება, შეიარაღების და აღჭურვილობის მოდერნიზაცია, ინსტიტუციური გაძლიერება, საერთაშორსო თანამშრომლობის ინსტრუმენტების და ჩვენი სახელოვანი მოსამსახურეების ღირსეული პირობებით უზრუნველყოფა“, – განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ.
ირაკლი ბერაიამ სამხედრო მოსამსახურეების დღევანდელ საბრძოლო მომზადების ხარისხსა და საცხოვრებელი პირობების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ თავდაცვის პოლიტიკის ამოსავალი წერტილი სამხედრო მოსამსახურეების დაფასება, მათი მომზადება და აღჭურვა, სამსახურის და ცხოვრების, მკურნალობის და რეაბილიტაციის ღირსეული პირობების უზრუნველყოფაა.
„სამხედრო მოსამსახურეები ნატოს სტანდარტის საბრძოლო მომზადებას გადიან და სტაბილურად მზარდი ანაზღაურება აქვთ. მათთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის გაუმჯობესებულია სამედიცინო მომსახურების და დაზღვევის პირობები.
ნატო-საქართველოს წარმატებული თანამშრომლობა, თავდაცვის სფეროში ნატოსთან თავსებადობის კუთხით გატარებული მასშტაბური რეფორმები საქართველოს მნიშვნელოვანი პროგრესის მნიშვნელოვანი განმაპირობებელია ევროატლანტიკურ ინტეგრაციის გზაზე. ჩვენი ხელისუფლების პირობებში, საქართველომ ნატოსგან მიიღო არსებითი პაკეტი, გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორის სტატუსი. შევუერთდით ნატოს მოიერიშე ძალებს და საქართველოში დაიწყო ნატოს სწავლებები, რომელიც ექსკლუზიურად მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის შეიქმნა“, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

banner
წინა სტატიაშიჩხოროწყუს მერს ფიზიკურად გაუსწორდნენ?
შემდეგი სტატიაარჩილ თალაკვაძე: დავით კეზერაშვილი იყო აბსოლუტურად წარუმატებელი თავდაცვის მინისტრი