ირაკლი ბერაია – ჩვენი ქვეყანა გახდება ალიანსის წევრი, ეს არის საქართველოსა და ალიანსის გადასაწყვეტი

ჩვენი ქვეყანა აუცილებლად გახდება ალიანსის წევრი, ეს არის საქართველოსა და ალიანსის გადასაწყვეტი, ვერც ერთი მესამე სახელმწიფო, მიუხედავად აგრესიული ამბიციებისა, თუ ბირთვული არსენალის სიდიდისა, წინ ვერ აღუდგება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიამ განაცხადა.

ბერაიამ კომენტარი გააკეთა ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებაზე, რომელმაც აღნიშნა, „ერთგული ვრჩებით ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების და როცა ვსაუბრობთ უკრაინასა და საქართველოზე, მხარს ვუჭერთ ამ ქვეყნებს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე“.

ირაკლი ბერაიას თქმით, ძალიან მკაფიო განცხადებაა, რომ ალიანსის ღია კარის პოლიტიკა არ გადაიხედება.

„ღია კარის პოლიტიკა არის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი, რასაც ზოგადად ემყარება ალიანსი და მისი არსებობა. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ ნატო-ს გაფართოებისთვის ხელშემშლელი ფაქტორი არასდროს ყოფილა რუსეთის ამბიციური და აგრესიული დესტრუქციული ინტერესები. ასე იყო აქამდეც და ასე იქნება მომავალშიც. დღეს ჩვენი ქვეყანა ალიანსში გაწევრიანებასთან დგას ყველაზე ახლოს, ისე, როგორც არასდროს. როგორც ალიანსთან პრაქტიკული თანამშრომლობის, ასევე ალიანსის მხრიდან პოლიტიკური მხარდაჭერის თვალსაზრისით, რასაც ადასტურებს საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები, ჩვენი ქვეყნის მონაწილეობა ალიანსის მინისტერიალებში, ალიანსის სამიტებში. ის, რომ საქართველოს სტუმრობს ნატო-ს გენერალური მდივანი, ნატო-ს სამხედრო კომიტეტი, ჩრდილოატლანტიკური საბჭო და რომ ამ ვიზიტების რაოდენობა ჩვენს ქვეყანაში არის გახშირებული, ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები არ მიიღება საქართველოს ჩართულობისა და ჩვენი ქვეყნის ინტერესების გათვალისწინების გარეშე. საქართველო აუცილებლად გახდება ალიანსის წევრი, ეს არის მხოლოდ საქართველოსა და ალიანსის გადასაწყვეტი და ვერც ერთი მესამე სახელმწიფო, მიუხედავად მისი აგრესიული ამბიციებისა, თუ ბირთვული არსენალის სიდიდისა, ამას წინ ვერ აღუდგება“, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

banner
წინა სტატიაშიქუთაისი-ნურ-სულთანის ავიარეისით დღეს საქართველოს სამი მოქალაქე დაბრუნდება – ყახაზეთში საქართველოს საელჩო
შემდეგი სტატიაენტონი ბლინკენი – რუსეთი ორ მეზობელ სახელმწიფოში, საქართველოსა და უკრაინაში შეიჭრა, მთავრობის ნების საწინააღმდეგოდ მოლდოვაში ჰყავს შეიარაღებული ძალები და საბრძოლო მასალა