ირაკლი ბენდელიანი – მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარედ მეწყრული პროცესის გამო, მოსახლეობის ევაკუაციაზე საუბარი არის სიცრუე და ემსახურება საზოგადოებაში პანიკის დათესვას

მინდა, გამოვეხმაურო რიგი მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიიდან, მეწყრული პროცესის გააქტიურების გამო, იგეგმება მოსახლეობის ევაკუაცია, რაც არის სიცრუე და ემსახურება საზოგადოებაში პანიკის დათესვას, – ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა განაცხადა.

როგორც ირაკლი ბენდელიანმა აღნიშნა, შექმნილია სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც 24-საათიან რეჟიმში აკვირდება მეწყრულ პროცესს, ასევე მომავალი კვირიდან უცხოელი ექსპერტებიც ჩამოვლენ და ყველა ეტაპზე მოსახლეობა იქნება სრულად ინფორმირებული.

„მეწყრული პროცესი კავშირში არ არის მაჭავარიანის ქუჩის ქვემოთ მიმდინარე ახალი გზის მოწყობის სამუშაოებთან. აქვე მე შემიძლია წარმოგიდგინოთ ვიდეოკადრები, სადაც კარგად ჩანს, რომ საუბარია აბსოლუტურად სხვადასხვა ტერიტორიაზე. დღეს უკვე განვმარტე და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, თბილისის მერია იყო პირველი, ვინც გაავრცელა განცხადება მეწყრული პროცესის შესახებ და დაიწყო სპეციალისტების რეკომენდაციების გათვალისწინება. პირველი განცხადება გავავრცელეთ მიმდინარე წლის 15 მარტს. პირველ რიგში, მოხდა მაჭავარიანის ქუჩის ორმხრივი ჩაკეტვა და დაიწყო საპრევენციო ღონისძიებები. მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს მეწყრული პროცესების მონიტორინგი. ამჟამად ვართ კვლევა-პროექტირების ეტაპზე“, – განაცხადა ბენდელიანმა.

მისივე თქმით, პროცესი უახლოეს დღეებში დასრულდება და იქნება უკვე პირველადი მონაცემები, რა ღონისძიებები არის გასატარებელი.

„თქვენ იცით, რომ ყველა ინფრასტრუქტურულ პროექტს, რომელსაც ახორციელებს თბილისის მერია, წინ უსწრებს შესაბამისი კვლევა, რაშიც ჩართულია გარემოს ეროვნული სააგენტო და სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო. დღეს რიგი მედიასაშუალებები ავრცელებენ დოკუმენტს, რომელიც, მათი თქმით, ექსკლუზიურად მოიპოვეს. რეალურად აღნიშნული დოკუმენტი არის საჯარო და წარმოადგენს ხელშეკრულების თანმდევ ნაწილს. დოკუმენტი შეეხება იმ სამუშაოებს, რომელიც მაჭავარიანი-გელოვანის გზას უკავშირდება და არა ბოლო დღეებში გააქტიურებულ მეწყრულ პროცესს. ყველა უწყება აგრძელებს მუშაობას, როგორც ნახეთ, სამუშაო ჯგუფის შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა და მას თბილისის მერიის შესაბამის სამსახურებთან ერთად ესწრებოდა გარემოს ეროვნული სააგენტოს, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს და შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები. მინდა, მოსახლეობას ვუთხრა, რომ დედაქალაქის მერია შესაბამის სამსახურებთან ერთად პერიოდულად მოგაწვდით არსებულ ვითარებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას“, – განაცხადა ბენდელიანმა.

banner
წინა სტატიაშითეა წულუკიანი – გლდანის მერვე დაწესებულებაში, რომელიც ქარდავებისა და ახალაიას დროს იყო წამების ციტადელი, სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად, იქ გაშენდა ჟოლოს ბაღი
შემდეგი სტატიაზურაბ გურული: გვერდითი ეფექტის თავიდან აცილება მასობრივი ვაქცინაციების დროს პრაქტიკულად შეუძლებელია