ირაკლი ბებუა უკანონო პატიმრობიდან 2029 წელს გათავისუფლდება

ერთი წლის წინ, 2020 წლის 30 სექტემბერს, გალში, საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა აფხაზეთის დროშის დაწვისთვის დააკავეს. აღნიშნული ქმედებისთვის მაქსიმალური სასჯელის სახით ერთწლიანი პატიმრობაა გათვალისწინებული, თუმცა ბებუას ბრალი ხელოვნურად, თითქოსდა სახლში ხელყუმბარისა და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის ქონის გამო დაუმძიმეს და ცხრაწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

ირაკლი ბებუა სტიქაროსანია, მას გალის რაიონში ახასიათებენ როგორც დადებით პიროვნებას. საჯაროდ გავრცელებულ ვიდეოში, სადაც ირაკლი ბებუა, სავარაუდოდ, დაკითხვაზე იმყოფება, იგი თავად ადასტურებს დროშის დაწვის ფაქტს და განმარტავს, რომ აფხაზების საწინააღმდეგო არაფერი აქვს. პირიქით, მიიჩნევს, რომ არ უნდა აღინიშნებოდეს ეთნიკური ქართველების და აფხაზების დაყოფის თარიღი და კვლავ მეგობრული ურთიერთობების მომხრეა.

ირაკლი ბებუას პატიმრობას და სასტიკად დასჯას დღემდე ლობირებენ ადგილობრივი რადიკალური ჯგუფები. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის (DRI) ინფორმაციით, 2021 წლის 7 ივნისს გალის კულტურის სახლში გამართულ შეხვედრაზე ითქვა, რომ ბებუა მოედანზე საჯაროდ უნდა დაეხვრიტათ. ყოფილმა დე-ფაქტო შსს მინისტრმა ასლან კობახიამ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: „მე ადგილზე დავხვრეტდი, გალელებმა ლინჩის წესით უნდა გაასამართლოთ…“ .

დროშის დაზიანების ფაქტი აფხაზეთში 2017 წელსაც მოხდა. მაშინ გაგრაში მცხოვრებმა ეთნიკურად სომეხმა ადგილობრივმა ახალგაზრდამ შეურაცხყოფა მიაყენა აფხაზეთის დროშას და დაზიანების ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში განათავსა. აღნიშნულს საზოგადოებაში ვნებათაღელვა მოყვა. ახალგაზრდამ და მისმა მამამ დროშის დაწვის გამო საჯაროდ ბოდიში მოიხადეს, რაც საკმარისი სასჯელი აღმოჩნდა.

ირაკლი ბებუას ოჯახის განცხადებით, უკანონო პატიმარს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, ხელი არ მიუწვდება სამედიცინო სერვისებზე და მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას და საერთაშორისო საზოგადოებას, გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა პოლიტიკური და სამართლებრივი მექანიზმი, ირაკლი ბებუას უკანონო პატიმრობიდან დაუყოვნებლივ გასათავისუფლებლად.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 29 პაციენტი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაკალიურანდი – არ არსებობს გამართლება დემოკრატიულ ქვეყანაში ვინმეზე ჯაშუშობისთვის