ირაკლი ანთაძე – მიუხედავად პოზიციების სხვადასხვაობისა, შეხვედრამ კონსტრუქციულად ჩაიარა, ხაზი გაესვა აუცილებლობას, გადაიდგას ნაბიჯები ადგილზე ვითარების დეესკალაციისთვის

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში ერგნეთში შეხვედრა ოთხი საათის განმავლობაში გაგრძელდა. ევროკავშირისა და ეუთო-ს შუამავლობით ტექნიკური ხასიათის შეხვედრაზე ძირითადად სოფელ ჩორჩანასთან განვითარებული მოვლენები განიხილეს.

ქართულმა მხარემ შეხვედრის მონაწილეებს ნივთმტკიცების სახით წარუდგინა ის დრონი, რომელიც გუშინ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ აბანოსთან ჩამოვარდა. დე-ფაქტო რეჟიმის ბრალდებებს ქართულმა მხარემ კონკრეტული ფაქტებით უპასუხა.

შეხვედრაზე არ განხილულა ჩორჩანაში ქართული საგუშაგოს მოხსნის საკითხი.

„შეხვედრის დასაწყისშივე დავაფიქსირეთ პოზიცია, რომ ჩვენ არ განვიხილავთ სტანდარტული საპოლიციო საგუშაგოს მოხსნის ან გადატანის საკითხს. მიუხედავად პოზიციების სხვადასხვაობისა, შეხვედრამ კონსტრუქციულ ვითარებაში ჩაიარა. ხაზი გაესვა აუცილებლობას, გადაიდგას ნაბიჯები ადგილზე ვითარების დეესკალაციისთვის. შევთანხმდით, რომ უახლოეს პერიოდში შედგეს კიდევ ერთი შეხვედრა.

დავაფიქსირეთ, რომ წნელისთან არის არაპროპორციული გადაადგილებები. სტანდარტული საგუშაგო წარმოუდგენელია, რომ იყოს რაიმე საფრთხის შემცველი მოსახლეობისათვის. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ სიტუაციის დეესკალიზაციისთვის საჭიროა კეთილი ნება, ეს სწორად მდგომარეობს იმაში, რომ ნებისმიერი სახის არაპროპორციული მოძრაობა ძაბავს ადგილობრივ მოსახლეობას. ჩვენ, მზად ვართ ჩავატაროთ იმდენი შეხვედრა, რამდენიც საჭიროა სიტუაციის დეესკალაციისთვის“, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ.

banner
წინა სტატიაშისუს-ი: საოკუპაციო რეჟიმმა არ დაგვიდასტურა ახალგორის ჩაკეტვაზე ინფორმაცია არ დაგვიდასტურა
შემდეგი სტატიაზურაბიშვილი: საზოგადოებამ დადებითად და იმედიანად მიიღო ქალი პრეზიდენტის არჩევის ფაქტი