ირაკლი ალასანია: კატეგორიულად მოვითხოვთ ხელისუფლებისგან, არ დაუშვას ძალადობრივი სცენარით პროცესების განვითარება

“თავისუფალი დემოკრატების” ლიდერის ირაკლი ალასანიას განცხადებით, ხელისუფლება “რუსთავი 2”-თან მიმართებაში იმ სცენარს იმეორებს, რომელიც წინა ხელისუფლებამ ტელეკომპანია “იმედთან” დაკავშირებით განახორციელა.

როგორც “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა დღეს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა, ხელისუფლებამ მიიღო ყოვლად უპასუხიმსგებლო გადაწყვეტილება და კიდევ უფრო დაძაბა პოლიტიკური ვითარება.

“დღეს ხელისუფლება “რუსთავი 2”-თან ბრძოლაში ძალადობის და სამოქალაქო დაპირპისპირების გზას მიმართავს. ისევე, როგორც ეს ხდებოდა 2012 წლის ოქტომბრამდე. ღამით, ფარულად, უპრინციპო მოსამართლის ხელით ხელისუფლებამ მიიღო ყოვლად უპასუხიმსგებლო გადაწყვეტილება და კიდევ უფრო დაძაბა პოლიტიკური ვითარება. ხელისუფლების მიერ გადადგმული ეს ნაბიჯები საფრთხეს უქმნის არა მარტო მედიათავისუფლებას, არამედ ძირს უთხრის სასამრთლო ხელისუფლებას, ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და ხელყოფს დემოკრატიული სახელმწიფოს საფუძვლებს. კატეგორიულად მოვითხოვთ ხელისუფლებისგან, არ დაუშვას ძალადობრივი სცენარით პროცესების განვითარება. გააცნობიეროს ის პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რომელიც მას დღეს აკისრია. დადგეს საკუთარ ვიწროპარტიულ ინტერესებზე მაღლა და უზრუნველყოს ძალის არგამოყენება, – აღნიშნა ალასანიამ.

მისი თქმით, აუცილებელია პრეზიდენტისა და პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით მოხდეს პოლიტიკური ძალების შეხვედრა, სადაც ერთად იმსჯელებენ სიტუაციის განმუხტვის ფორმებზე.

“მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტს და პარლამენტის თავმჯდომარეს, დავგეგმოთ ერთობლივი შეხვედრა მმართველ პოლიტიკურ ძალასა და პოლიტიკურ ოპოზიციას შორის. მივამრთავ ყველა მხარეს, თავი შეიკავოს ძალადობისგან. ჩვენი, პოლიტიკოსების ვალია, ვიპოვოთ გამოსავალი და არ დავაბრუნოთ ქვეყანა სამოქალაქო დაპირპისპირებაში. ჩვენ, “თავისუფალი დემოკრატები” ყველა ძალას ვიხმართ, რომ განვუხტოთ ისტერიული და ემოციური ფონი და პოლიტიკური პროცესები წარვმართოთ მშვიდ და გონივრულ გარემოში, რათა არ შეფერხდეს ჩვენი ქვეყნის დმეოკრატიული განვითარება”, – აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.

banner
წინა სტატიაშიპაატა სალია: არანაირი დარღვევა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების არ მომხდარა
შემდეგი სტატიაქიბარ ხალვაში: ჟურნალისტიკა თავისუფალი იქნება ჩემი ზემოქმედებისაგან