ირაკლი ალასანია: დღევანდელი დღე უნდა იქცეს რაღაც სიმბოლური გარდატეხის ეტაპად ჩვენს საზოგადოებაში

news
ავტ.: news აპრილი 9, 2016 12:41

ირაკლი ალასანია: დღევანდელი დღე უნდა იქცეს რაღაც სიმბოლური გარდატეხის ეტაპად ჩვენს საზოგადოებაში

დღევანდელი დღე უნდა იქცეს რაღაც სიმბოლურ ეტაპად, ჩვენს საზოგადოებაში, რომ გვქონდეს უფრო მეტად ერთმანეთის გატანა, – ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ ჟურნალისტებს 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნისთვის პატივის მიგების შემდეგ განუცხადა.

„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან მდებარე 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალთან პარტიის წევრებთან ერთად იმყოფებოდა.

როგორც ირაკლი ალასანიამ აღნიშნა, 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი და ის მაგალითი, რომელიც ადამიანებმა საზოგადოებას მისცეს, თითოეულ მოქალაქეს ავალდებულებს, რომ დამოუკიდებლობა, რომელიც ქვეყანამ მოიპოვა, „ყველა ჩვენს ხელთ არსებული შესაძლებლობით დავიცვათ“.

„დღეს იმდენად მნიშვნელოვანია ერთსულოვნება ჩვენს საზოგადოებაში, რომ 9 აპრილი, დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი და ის მაგალითი, რომელიც ამ ადამიანებმა მოგვცეს საკუთარი თავის მსხვერპლად შეწირვით, გვავალდებულებს თითოეულ მოქალაქეს, რომ მოპოვებული დამოუკიდებლობა ყველა ჩვენს ხელთ არსებული შესაძლებლობით დავიცვათ. პირველ რიგში, ადამიანებს მეტი კაცთმოყვარეობა მოგვეთხოვება, პოლიტიკოსებიც ბევრად უფრო სულგრძელები უნდა ვიყოთ, იმიტომ, რომ სწორედ დაპირისპირებამ, პრაქტიკულად დაგვაკარგვინა დამოუკიდებლობის ის მონაპოვარი, რომელიც ამ 25-26 წლის წინ ჩვენმა წინაპრებმა, ჩვენმა თანამედროვეებმა მოვიპოვეთ. ამიტომ ჩემი აზრით, დღევანდელი დღე უნდა იქცეს რაღაც სიმბოლური გარდატეხის ეტაპად ჩვენს საზოგადოებაში რომ გვქონდეს მეტად უფრო ერთმანეთის გატანა, არ ვაქციოთ ერთმანეთი მოსისხლე მტრებად და ოპონირებაც, კონკურენციაც შევძლოთ პოლიტიკაში ნორმალურად, ისე, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დაცვის საქმეში ერთმანეთის თანამოაზრეებად დავრჩეთ“, – განაცხადა ალასანიამ.

news
ავტ.: news აპრილი 9, 2016 12:41