ირაკლი ალასანია აშშ-ში მიდის

“თავისუფალი დემოკრატების” ყოფილი ლიდერი, ირაკლი ალასანია პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ, აშშ-ში გადადის.

ამის შესახებ ინფორმაციას “ტვპირველი” ავრცელებს.

მისივე ინფორმაციით, ალასანიამ გაერო-დან მიიღო უკვე შეთავაზება.

არჩევნებში დამარცხების შემდეგ, ირაკლი ალასანიამ 10 ოქტომბერს განაცხადა, რომ პოლიტიკიდან მიდის.

ცნობისათვის, ირაკლი ალასანია სხვადასხვა დროს, მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო უშიშროების, საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებში; იყო უშიშროებისა (2002-2004) და თავდაცვის (2004) მინისტრის მოადგილე, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის თანაშემწე (2004).

2004 წლის სექტემბრიდან 2006 წლის მარტამდე იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე და საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი კონფლიქტების მოწესრიგების საკითხებში.

2006 წელსვე ალასანია დაინიშნა საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად გაერო-ში.

ალასანია დაკავებული თანამდებობიდან გადადგა 2008 წლის 4 დეკებერს. მისი განმარტებით, გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო მისი და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ძირეულად განსხვავებული ხედვა საქართველოს შიდა და სამხედრო განვითარების საკითხებში, მათ შორის, კონფლიქტების მოგვარების საკითხშიც.

2009 წლის თებერვალში, ალასანიამ თავისი პოლიტიკური გუნდი წარადგინა, მოგვიანებით, იმავე წლის 16 ივლისს კი, დააარსა პარტია – “ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატები.

თებერვალში, ის გაწევრიანდა პოლიტიკურ ალიანსში “ალიანსი საქართველოსთვის”, რომლის წევრები ასევე იყვნენ საქართველოს “რესპუბლიკური პარტია” და “ახალი მემარჯვენეები”, ხოლო მოგვიანებით, ალიანსს შეუერთდნენ საქართველოს გზა და ყოფილი ომბუდსმენი სოზარ სუბარი. 2009 წლის გაზაფხულზე, ალასანია პარტიასთან ერთად მონაწილეობდა საპროტესტო აქციებში მიხეილ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით. ალიანსმა თბილისის მერის არჩევნებში ირაკლი ალასანიას კანდიდატურა წარადგინა.

მისი ლოზუნგი იყო “ჩვენ შევცვლით”, წინასაარჩევნო პროგრამა ძირითადად ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების განვითარებას ეხებოდა. ალასანია არჩევნებში მეორე ადგილზე გავიდა ხმათა 19%-ით. არჩევნების შემდგომ მან გიგი უგულავას გამარჯვება მიულოცა.

2010 წლის ზაფხულში, ალიანსი საქართველოსთვის დაიშალა. 2011 წელს გახდა კოალიცია “ქართული ოცნების” წევრი. მას შემდეგ, რაც კოალიციამ წარმატებას მიაღწია, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში, ალასანია დაინიშნა თავდაცვის მინისტრად.

2014 წლის 28 ოქტომბერს, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს რამდენიმე მაღალი თანამდებობის მოხელე დააკავა სახელმწიფოს ბიუჯეტის კუთვნილი 4 მილიონზე მეტი ლარის გაფლანგვისათვის. იმავე დღეს, სამინისტრომ თავის განცხადებაში ეჭვქვეშ დააყენა პროკურატურის ბრალდებები.

მოგვიანებით, გერმანიიდან დაბრუნებულმა ალასანიამ, განაცხადა რომ ადგილი ჰქონდა მიზანმიმართულ შეტევას თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ და პროკურატურის ნაბიჯები იყო “შეტევა საქართველოს ევროატლანტიკურ არჩევანზე”. 4 ნოემბერს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ალასანია პოსტიდან გადააყენა.

banner
წინა სტატიაშიკრწანისის ბაზაზე მოკლული გიგა შენგელიას მამა დაკითხვაზეა დაბარებული
შემდეგი სტატიალარი კვლავ გაუფასურდა – ერთი ამერიკული დოლარი 2.4080 ლარი გახდა