ირაკლი აბუსერიძის შტაბთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ “ქართული ოცნებიდან” ვაზისუბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ირაკლი აბუსერიძის შტაბთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე, ცემის მუხით დაიწყო. შსს-ს ცნობით, ინციდენტში მონაწილე პირები დადგენილები არიან.

“ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გოგა ონიანის განცხადებით მისი შტაბის უფროსს და აქტივისტს ვაზისუბანში ქართული ოცნების მხარდამჭერები ფიზიკურად გაუსწორდნენ. მისი თქმით, ახალგაზრდებს ვაზისუბანში ქართული ოცნების ოფისის გვერდით მდებარე სუპერმარკეტიდან გამოსვლის შემდეგ 30-მდე ადამიანი დაესხა თავს და ისინი ხელკეტებით სცემეს. ერთ-ერთი დაშავებული რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმის თქმით პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია.
„ეს არის ძალიან საშიში კრიმინალური ხელისუფლება სამწუხაროდ, ხელისუფლება, რომელიც აგრძელებს კორცხელიზაციას და როგორც ჩანს ჩვენ ყველა უბანში, ყველგან უნდა ველოდოთ დაახლოებით იგივეს,“-აცხადებს გოგა ონიანი.
განცხადება გააკეთეს აბუსერიძის შტაბშიც. მათ ინფორმაციით, “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატ გოგა ონიანის მხარდამჭერების გამოჩენას შეხლა-შემოხლა მოჰყვა. მათი თქმით, ონიანის მხარდამჭერები გამოირჩეოდნენ აგრესიით.
“დაახლოებით 23:30 საათზე, ჩვენი ოფისის მიმდებარედ, კერძოდ, სუპერმარკეტთან გამოჩნდა რამოდენიმე პირი, რომლებიც იყვნენ არაფხიზელ მდგომარეობაში. ისინი გამოირჩეოდნენ აგრესიული ქმედებებით, რაც გამოიხატებოდა “ქართული ოცნებისა” და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ირაკლი აბუსერიძის მიმართ უცენზურო სიტყვებში. რასაც მოჰყვა გამვლელ მოქალაქეებთან შეხლა-შემოხლა. აგრესიულად განწყობილი არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პირები ამოიცნეს გამვლელმა მოქალაქეებმა. ისინი აღმოჩნდნენ “ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარობის კანდიდატის, გიორგი ონიანის შტაბის წევრები”, – აცხადებენ აბუსერიძის შტაბში.

banner
წინა სტატიაშიბათუმში 58-ე უბნის მონაცემებს თავიდან დაითვლიან
შემდეგი სტატიაგიორგი მღებრიშვილმა გორში შსს-ს სახანძრო-სამაშველო სამსახურის განახლებული შენობა გახსნა