ირაკლი აბესაძე – მერიაში ,,ქართუ ჯგუფის” თანამშრომლების დანიშვნა გრძელდება

საკრებულოს უმცირესობის წევრის, ირაკლი აბესაძის განცხადებით, მერიაში გამოცდილი და კვალიფიციური კადრების შერჩევის მაგივრად ,,ქართუ ჯგუფის” თანამშრომლების დანიშვნა გრძელდება. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე აბესაძემ განაცხადა, მერის მოადგილის თანამდებობაზე “ქართუ ჯგუფის” ხელმძღვანელის, გიორგი ლილუაშვილის დანიშვნის მიზეზი ბიძინა ივანიშვილის პრობლემების გადაწყვეტაა. “მერიაში გამოცდილი და კვალიფიციური კადრების შერჩევის მაგივრად გრძელდება ,,ქართუ ჯგუფის” თანამშრომლების დანიშვნა. ეს კი ადგილობრივ დონეზე არაფორმალური მმართველობის დამკვიდრების საბოლოო ლუსტრაციაა და ნიშნავს, რომ თბილისის მერი უფლება-მოვალეობების შესრულებისგან ფაქტობრივად ჩამოშორებულია. რაც შეეხებათ ლილუაშვილს და მერიაში მანამდე დანიშნულ ივანიშვილის კადრებს, უკვე ვნახეთ, რომ მათი მთავარი დავალება და საზრუნავი არა თბილისელების, არამედ ივანიშვილის პრობლემების გადაწყვეტაა, კერძოდ მის რეზიდენციასთან და ,,პანორამა თბილისთან” დაკავშირებული პროექტების განხორციელება. კრწანისი- შინდისის გზის, რომლის დაჩქარებული წესით აშენების შემდეგ, იგეგმება სოლოლაკში არსებული გზის ფაქტიურად დაკეტვა, ბოტანიკური ბაღის მისი რეზიდენციის ეზოდ გადაქცევა და იქ ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობა”, – განაცხადა აბესაძემ. მისივე თქმით, თბილისის მერიაში უამრავი პრობლემაა, რის გამოც ნარმანიამ უნდა დატოვოს თანამდებობა. “თბილისის მერიაში არსებული სრული უპასუხისმგებლობა, გულგრილი დამოკიდებულება თბილისელების პრობლემებისადმი, გაფლანგული მილიონები, კორუფცია და ნეპოტიზმი – სწორედ ამის შედეგია სრულად ჩავარდნილი ინფრასტრუქტურული პროექტები და ბედის ანაბარად მიტოვებული ქალაქი. ამდენი პრობლემის არსებობის მიუხედავად 2015 წელს მერიამ ვერ დახარჯა 40 მილიონი ლარი და ასეთ სიტუაციაში, ნარმანიას გადაყენება და ახალი მერის არჩევა ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება. თუმცა, ეს გადაწყვეტილება ,,ქართული ოცნების” დაბალი პოლიტიკური რეიტინგის გამო რიგგარეშე არჩევნების წაგების შიშით არ მიიღება”, – აღნიშნა აბესაძემ.

banner
წინა სტატიაში“მსოფლიო საერთაშორისო პრობლემას არა ჩინეთთან ან რუსეთთან, არამედ აშშ-სთან წყვეტს”
შემდეგი სტატიათურქეთის პოლიციამ ტერაქტთან დაკავშირებული რუსეთის სამი მოქალაქე დააკავა