ირაკლი აბესაძე : ჩვენ ვიმყოფებით წინასაარჩევნო პერიოდში და მაღალია ალბათობა, რომ ივანიშვილმა ამ თანხის უკანონო მიზნებისთვის გამოყენება სცადოს

უნდა მოვისმინოთ მკაფიო განმარტებები ფონდი “ქართუსგან”, მათ შორის ბატონი ივანიშვილისგან, შემომწირველების, თანხის წარმომავლობის, მიზნების და სამომავლო გეგმების შესახებ – ამის შესახებ განცხადება, “ევროპული საქართველოს” წევრმა ირაკლი აბესაძემ გააკეთა, რითაც გამოეხმაურა მმართველი გუნდის ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის მიერ საკუთარი კომპანიისგან იპოდრომის ტერიტორიის შეძენას.

„როდესაც ადამიანი საკუთარი თავისგან 60 მილიონად ყიდულობს რაღაც ქონებას, ეს გარკვეულ კითხვებს აჩენს და საეჭვოა. თუმცა, ამ ყველაფერს ამძაფრებს ის ბუნდოვანება, რაც ზოგადად უკავშირდება ქალაქისთვის მნიშვნელოვან ტერიტორიას, რომელიც წლებია ივანიშვილის ხელშია. აქ არაფერი გაკეთებულა და ახლა ვიგებთ, რომ 60 მილიონი საკუთარ თავს გადაუხადა და გადააფორმა ერთ კომპანიიდან მეორეზე. რა ფულია ეს, რა მიზნით გაკეთდა გადაფორმება? „ინვესტ კაპიტალი“ არის კომპანია, რომელიც რამდენადაც მე ვნახე, არც ერთ ივანიშვილის ინფრასტრუქტურულ პროექტში არ მონაწილეობს.

ანუ, სად მიდის და რა დანიშნულება ექნება 60 მილიონ ლარს, გაურკვეველია. გასაგებია, რომ ეს არის კერძო კომპანია და მისი საქმეა, რაში გამოიყენებს მის კუთვნილ ფულს, მაგრამ როდესაც ბიძინა ივანიშვილზე, მის კომპანიაზე და ამ საეჭვო გარიგებაზე ვსაუბრობთ, ეს არის ლეგიტიმური კითხვები. ჩვენ ვიმყოფებით წინასაარჩევნო პერიოდში და ძალიან მაღალია ალბათობა, რომ ივანიშვილმა სცადოს ამ თანხის უკანონო მიზნებისთვის გამოყენება. უნდა მოვისმინოთ მკაფიო განმარტებები ფონდი “ქართუსგან”, მათ შორის ბატონი ივანიშვილისგან, შემომწირველების, თანხის წარმომავლობის, მიზნების და სამომავლო გეგმების შესახებ“, – აღნიშნა ირაკლი აბესაძემ.

banner
წინა სტატიაშისალომე სამადაშვილი : შეცდომა ყველას მოსდის, მათ შორის გამოცდილ დიპლომატებს
შემდეგი სტატიარატიანი საარჩევნო კოდექსის ცვლილებაზე: შესაცვლელია კონკრეტული წესები