დიქტატურასაც მოერგებიან, ჭკვიანი და მორჩილი ადამიანები დიქტატურას ყველაზე მეტად სჭირდება – ნანა დიხამინჯია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში კომპიუტერული ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი ნანა დიხამინჯია საქართველოში დღეს არსებულ მდგომარეობას რეტროსპექტულად, 80-იანი წლების საქართველოსთან მიმართებაში მიმოიხილავს და წერს, რომ როცა დიქტატურა საბოლოოდ გაფორმდება, ის ხალხი, ვისაც ახლა საკმარისი ჭკუა აქვს მიხვდეს, რომ რეჟიმს ეხმარება, მაგრამ სიმშვიდე ურჩევნია, ან ქვეყნიდან წავა, ან დიქტატურას შეეკვრება:

“დღეს ბევრჯერ დავიწყე მწარე პოსტის წერა, მაგრამ მივხვდი, არანაირი აზრი არ აქვს. ისეთი ხალხისთვის უნდა დამეწერა, ვისაც საკმარისი ჭკუა აქვს, იცოდეს, როგორ ეხმარება რეჟიმს, მაგრამ დღევანდელი სიმშვიდე ურჩევნია. ხვალ თუ რამე მოხდება, თვითონ იოლად გაიქცევა და ქვეყანას ჭირიც წაუღია. ან არ გაიქცევა და სახელმწიფოს შეეკვრება. რა აზრი აქვს, რამე ვუთხრა – შესაძლებლობების სიხარბეს დათმობს?

რუსეთშიც ეგონათ, რომ მშვიდად იმუშავებდნენ ტექნოლოგიებში. ახლა ნახევარი გაქცეულია, მეორე ნახევარი სახელმწიფოზე მუშაობს, საზარელ საქმეებში, მომხმარებლის დიდი ნაწილი კი იუთუბსაც ვეღარ უყურებს.

ძალიან მწვავედ, სილის გარტყმასავით, გავიაზრე დღეს, რომ რეჟიმმა შეძლო და ნაბიჯ-ნაბიჯ ყველა პროფესიული სფერო გააჩუმა, შეიზილა. ვისი შემოსავალიც სახელმწიფოზე იყო დამოკიდებული, ისინი თავიდანვე საშინელ წნეხში გაატარა და ვინც ვერ დაიმორჩილა, გაყარა. მაგრამ რეჟიმის შემდეგი ეტაპის წარმატებაა, როცა იმ ხალხს მოირგებს, ვის ძირითად შემოსავალსაც მთავრობა ვერ დაემუქრება, რომლის პირდაპირი დაშინება სისტემისთვის რთულია.

ვიხსენებდი 80-იან წლებს – როგორი იყო სახელმწიფო, როცა ნახევარზე მეტი იპარავდა და ვიცოდით, საიდან იპარავდა. ვიცოდით, როგორ ჰქონდა უახლესი ტექნიკა, ძვირფასეულობა და ქურქები. წარმოვიდგინე, როგორი იქნება ქოცნების ხელში საქართველო 5 წელიწადში და ვფიქრობდი, ალბათ ამ ადამიანებს ჯერ კიდევ არ სჯერათ საქართველოში დიქტატურის და ნეტავ ისე შემეძლოს შედეგების დანახება, როგორც “კაცი მაღალ კოშკშია”. იქნებ მაშინ მიმხვდარიყვნენ, ახლა რა პროცესები მიდის?

მერე საკუთარმა თავმა დამცინა – რაის საიფაი, აგერ ცხვირწინ გვაქვს რუსეთის და ბელარუსის მაგალითები, რად უნდა ამას პარალელური სამყაროებიდან შემოზიდული ფილმები? შეუძლებელია არ სჯეროდეთ, მაგრამ საკუთარი თავის იმედი აქვთ – დიქტატურასაც მოერგებიან, ჭკვიანი და მორჩილი ადამიანები დიქტატურას ყველაზე მეტად სჭირდება.

განა ჩემი მათემატიკოსი მშობლები ცუდად ცხოვრობდნენ საბჭოთა კავშირში? ოქრო და ქურქი დედაჩემს მაინც არ აინტერესებდა, შრომა არ ეზარებოდა და მთავარი რაღაცებისთვის ფული საკმარისი იყო. კი არ იპარავდნენ, მაგრამ აბიტურიენტებს ამზადებდნენ. ახლობლის შვილს თუ მოამზადებდი უფასოდ, მაინც რაღაცით გცემდა პატივს. მაგალითად, მდინარის მოვარდნისას ჩვენი აგარაკის ხის ხიდი სულ მიჰქონდა წყალს, ხიდის გარეშე კი ეზოში ვერ შევდიოდით, ღელე უნდა გადაგვეჭრა. ერთხელაც რომ ჩამოვედით, მასიური რკინის ხიდი დაგვხვდა მშენებლობის პროცესში – სამი წელი უფასოდ ამეცადინებდა მამაჩემი მეგობრის შვილს და იმ კაცმა ხიდი აჩუქა 😃.

როგორც მერე გავიგე, სამხედრო მშენებლობის უფროსი თუ რაღაც მსგავსი ყოფილა და ცხადია, იქიდან წამოღებულ მასალებს და მუშახელს გამოიყენებდა. მაშინ ეს კორუფციად არავის ჩაგვითვლია, ასეთი ცხოვრება იყო. შვილებს როცა მოვუყევი, ძალიან დამცინეს. კორუფციაც იყო და მეტიც. მაგრამ ხომ იყო კოხტად შეფუთული პროცესი და არავინ გრძნობდა თავს დამნაშავედ?

განათლებული ხალხი მასიურად გავა ქვეყნიდან. ყველაზე ჭკვიანი მოსწავლეების დიდი ნაწილი ისედაც უკვე საზღვარგარეთ აბარებს და ამ პირობებში არავინ დაბრუნდება. ოლიგარქი შვილს დასვამს პრემიერ-მინისტრად სამუდამოდ. მასთან დაახლოებული პირები იქნებიან ძალიან მდიდრები, ბიზნესმენები და ბანკირები კარგად იცხოვრებენ, წილები გადანაწილდება, ტექნოლოგიები სულ იქნება საჭირო, რუსეთი გახდება ძირითადი ბაზარი. თავის საკვებს ყველა ჭკვიანი იპოვის ამ ჭაობში, კრიმინალი გაიზრდება, ძირითადი მასა კი იქნება ღატაკი. ნეტავ მაშინ ვინ მოიხედავს უკან და იფიქრებს, ამ ქვეყნის დაქცევაში ჩემი ერთი პატარა აგურიც დევსო?

ან მე რა მადარდებს? უზრუნველი და საინტერესო ცხოვრება მაქვს, საუკეთესო განათლებას იღებენ ჩემი შვილები, პოლიტიკაში მოსვლა არ მაინტერესებს, საქართველოში ბიზნესი არ მაქვს. პატარა საქართველო აგერ სილიკონის ველზეა უკვე – “ლობიო ჩავდგი და საღამოს გამოდით”-ზე ოცი ქართველი მაინც იკრიბება. რა მაჩხუბებს, რას გადავიკიდე ამდენი ნაცნობი? სამშობლო შეიძლება სადღეგრძელოებშიც გიყვარდეს, ტკბილად და ამაყად.
ოპოზიცია არ ვარგა და ჩვენ რა ვქნათო, – მეგობარმა მითხრა. – ნაძირლებს არავინ რომ არ ჩამოართვას ხელი, ეგეც კი საკმარისი იქნებოდა-მეთქი, ვუთხარი. ეგ ჯერ არ ართმევს, მაგრამ იმდენმა დაიწყო მისი წრიდან, რომ ბუნებრივად მოუწევს, თუ ქვეყნიდან არ გაიქცა. გაქცევას უკვე გეგმავს.
მაინც მწარე ტექსტი გამოვიდა…”, – წერს ნანა დიხამინჯია.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ის საელჩო – ყველა პირი, რომელსაც F, M ან J არასაიმიგრაციო ვიზებზე შეაქვს განაცხადი, ვალდებულია, შეცვალოს სოციალური ქსელების კონფიდენციალურობის პარამეტრები და გახადოს საჯარო
შემდეგი სტატიასუხიშვილები თაკარას სცენაზე ბრუნდება –  მხარდამჭერი საქართველოს ბანკია