“იქნება დაძაბული შეჯიბრებითობა, პაექრობა, არ გამოვრიცხავ ჩხუბსაც კი, იმ პარლამენტში, რომელშიც შევდივართ”

“ენმ”-ს ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია აცხადებს, რომ გადაწყვეტილება, რომელიც პარტიამ მიიღო პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით, სწორია და პოლიტიკური არენა, რომელსაც პარლამენტი ჰქვია, აუცილებლად არის გამოსაყენებელი ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ. თუმცა მისივე თქმით, ”ნაციონალური მოძრაობა” აქტიურად იმუშავებს როგორც პარლამენტში, ასევე მის გარეთაც.

”მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდ პატივს ვცემ ჩემს მეგობრებს, რომლებიც თვლიდნენ, რომ არ უნდა შევსულიყავით პარლამენტში და ჩემი პირველი ინსტიქტიც ასეთი იყო, რომ არ უნდა შევსულიყავით, რეალურად ცივი გონებით მსჯელობის შემდეგ დარწმუნებული ვარ, რომ ეს ნაბიჯი არის სწორი. ვინაიდან პოლიტიკური არენა რომელსაც პარლამენტი ჰქვია, აუცილებლად არის გამოსაყენებელი ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ. მაგრამ შორს ვარ იმ აზრისგან რომ მხოლოდ საპარლამენტო ცხოვრებით ჩვენ შევძლებთ დამარცხებას ისეთი ოლიგარქიული წეს-წყობილების, რომელსაც ადგილი აქვს ივანიშვილის პირობებში.
საჭიროების შემთხვევაში, დემოკრატიული ფორმის ფარგლებში, ყველა შესაძლო მეთოდი უნდა იყოს გამოყენებული, პარლამენტს მიღმა ქუჩის ფორმატიც, ვინაიდან ივანიშვილი აპირებს ღრმად გაიდგას ფესვები ოლიგარქიული წეს-წყობილების ფარგლებში.
მიმაჩნია, რომ იქნება დაძაბული შეჯიბრებითობა, პაექრობა, არ გამოვრიცხავ ჩხუბსაც კი, იმ პარლამენტში, რომელშიც შევდივართ. ვინაიდან, ის რეალური რაოდენობა, რომელიც წარმოდგენილია „ქართული ოცნების“ სახით, კარგად იციან თუ როგორ მოიპოვეს ე.წ. გამარჯვება არჩევნებში, ამაზე ცხარე საუბარი იქნება.
ეს იქნება დანაშაულიც კი, თუ ჩვენ შევალთ პარლამენტში და მთელს ჩვენს საქმიანობას 4 წლის თავზე მხოლოდ „ქართული ოცნების“ დეპუტაციასთან პაექრობას მივუძღვნით. ჩვენ ვაპირებთ ხალხთან აქტიურ კომუნიკაციას და ივანიშვილის დარწმუნებას ვაპირებთ, რომ პარლამენტში წარმოდგენილი ძალთა ბალანსი არ ასახავს ქვეყანაში შექმნილ რეალობას”. განაცხადა ნიკა მელიამ ჟურნალისტებისთვის გაკეთებული კომენტარის დროს.

banner
წინა სტატიაშიმეცხრე მოწვევის პარლამენტი 18 ნოემბერს შეიკრიბება
შემდეგი სტატიათანამდებობის ბოროტად გამოყენება – კვლევა კორუფციაზე