იქნებ იმსჯელოს პარლამენტმა და დღეიდან იუსტიციის სამინისტროს სახელად ვუწოდოთ თეა

იქნებ იმსჯელოს პარლამენტმა და დღეიდან იუსტიციის სამინისტროს სახელად ვუწოდოთ თეა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს უსმენენ.

„სულ ახლახანს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ყაზახეთის პარლამენტმა გადაერქვა სახელი ქალაქ ასტანად და უწოდა ნურსულთანი, გამომდინარე იქიდან, რომ ეს ადამიანი 30 წელიწადი ემსახურა უმწიკვლოდ თავის სამშობლოს, დღეს ჩვენ მოვისმინეთ ქალბატონი თეას მოხსენება, რომელიც იყო დემონსტრირება იუსტიციის სამინისტროს თავბრუდამხვევი წარმატებებისა, იქნებ იმსჯელოს პარლამენტმა და დღეიდან იუსტიციის სამინისტროს სახელად ვუწოდოთ თეა“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

რომან გოცირიძე მინისტრს ჰკითხა, წარმოადგინოს სტატისტიკა ამნისტიით გაშვებული პატიმრების, რამდენი დაბრუნდა უკან საპატიმროში და რა სახის დანაშაულის გამო.

„ქალბატონო თეა, პირველი შეკითხვა არის ასეთი, თქვენ განაცხადეთ, რომ პატიმრების რაოდენობამ იკლოო და ამაყობთ იმ ამნისტიით, რომელიც განახორციელეთ, გთხოვთ მოგვახსენოთ, ამ გამოშვებული 10 000 პატიმრიდან რამდენი დაბრუნდა უკან და რა სახის დანაშაულის გამო. ვინაიდან ძალიან კარგად ვიცით, რომ თითოეული დანაშაულის უკან დგას გაუბედურებული ადამიანები და ვინ აგებს პასუხს იმ დამნაშავეებზე, რომლებმაც იმ ე.წ. ჰუმანური მოსაზრებით გამოუშვით და კვლავ მოუწიათ უკან დაბრუნება, რამდენი არის ასეთი პატიმარი დღეს. მეორე – შეგიძლიათ დამისახელოთ მსოფლიოში ერთი ქვეყანა მაინც, კუბა არ მითხრათ და ჩრდილოეთ კორეა, რატომ არ არის „რუსთავი 2“-ის ჩვენება სასჯელაღსრულებით სისტემაში, რატომ ბლოკავთ ერთადერთ და ყველაზე მნიშვნელოვან სატელევიზიო არხს ციხეებში, რატომ უკრძალავთ ადამიანებს მიიღონ ობიექტური ინფორმაცია ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ. კიდევ ერთი, თქვენ ხართ ქალბატონო თეა კანონდამრღვევი ადამიანი. ჩვენ მოგწერეთ წერილი და რეგლამენტის შესაბამისად, თქვენ უნდა გაგეცათ ამ კითხვაზე და დღემდე ჩვენი კითხვა არის იგნორირებული. პატივცემული თავმჯდომარე, რომელიც ასე ამაყობს ახალ რეგლამენტით, კეთილი ინებოს და გამოიყენოს მინისტრის მიმართ ის სანქციები, რაც რეგლამენტშია მოცემული“, – მიმართა რომან გოცირიძემ თეა წულუკიანს.

banner
წინა სტატიაშივხედავთ, რომელი პოლიტიკური ძალებისა და მედიასაშუალებების მიერ არის მიზანმიმართული ორკესტრირებული შეტევა მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაზე
შემდეგი სტატიაქართულ ციხეებში სასჯელს სხვა ქვეყნის პატიმრებიც მოიხდიან