იპოდრომი არის მუნიციპალიტეტის ტერიტორია, სადაც „ქართუ“ ხარჯავს საკუთარ თანხას პარკის მოსაწყობად – კალაძე

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მედიასთან საუბრისას გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას ფონდ „ქართუს“ მიერ იპოდრომის ტერიტორიის თითქოსდა დაბრუნებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ეს ტერიტორია არის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში.

მისი თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე დაგეგმილი ცენტრალური პარკის მშენებლობას ფონდი „ქართუ“ განახორციელებს.

„რაც შეეხება იპოდრომის ტერიტორიას, ეს არის მუნიციპალიტეტის, სადაც საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“, ბიძინა ივანიშვილი ხარჯავს საკუთარ თანხას, რომ იქ მოეწყოს პარკი და გაჩნდეს ლამაზი სივრცე იმისთვის, რომ ადამიანებს ჰქონდეთ შესაძლებლობა დასვენების, გართობის, განტვირთვის. ეს იქნება ცენტრალური პარკი, რომელიც შეთანხმებული პროექტის სახით განხორციელდება“, – განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ ასევე უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, ფონდ „ქართუს“ ტრანზაქციების გამჭვირვალობის პრობლემაზე და განაცხადა, რომ იმ პროექტების შესახებ, რომელიც ფონდმა 6-მილიარდიანი ქველმოქმედების ფარგლებში წლების განმავლობაში განახორციელა, ფართო საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი.

„თუ მიმართავთ ფონდს, დარწმუნებული ვარ, ყველა კითხვაზე იქნება პასუხი. საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ არის აბსოლუტურად ღია, გამჭვირვალე, აღნიშნულმა ფონდმა უამრავი პროექტი განახორციელა წლების განმავლობაში. ეს იყო სკოლების აღდგენა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღდგენა, განახლება-მოწესრიგება, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაში იყო. ჯარის მხარდამჭერი პროგრამები, რომელი ერთი ჩამოვთვალო, თუ არ ვცდები, 6 მილიარდი დოლარის ქველმოქმედება აქვს განხორციელებული აღნიშნულ ფონდს. შესაბამისად, ჩვენ მადლობის მეტი რა გვეთქმის. ასეთი ადამიანები, ასეთი ფონდები ბევრი უნდა იყოს, ვინც ქვეყანას დაეხმარება, ვინც ხალხს დაეხმარება და სახელმწიფოს ხელს შეუწყობს განვითარებაში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტის გადადგმული ნაბიჯები, ქმედებები და განცხადებები ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ დღეს, ეწინააღმდეგება სახელმწიფოს – კალაძე
შემდეგი სტატიადღეს ქვეყანაში გვაქვს მშვიდობა – მთავარი ყურადღება უნდა მივმართოთ ჩვენი ქვეყნის ამ მშვიდობის შენარჩუნებაზე, სტაბილურობის განმტკიცებაზე, ეკონომიკურ განვითარებაზე, კეთილდღეობაზე, ეს სჭირდება ჩვენს ხალხს – პრემიერი