პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი (IPI) „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის პატიმრობის 100 დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აახლებს კამპანიას, რომელიც მისი გათავისუფლების მოთხოვნით წამოიწყო.
მზია ამაღლობელის პატიმრობით ცდილობენ გაანადგურონ, რაც პრესის თავისუფლებისგან დარჩა – წერია განცხადებაში და ხაზგასმულია, რომ „ნეტგაზეთის“ და „ბათუმელების“ დამფუძნებლის დაკავებით „ქართული ოცნება” კრიტიკული ხმების ჩახსობას ცდილობს.
„დღეს მეასე დღეა, რაც პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის წევრი მზია ამაღლობელი, ცნობილი ქართველი ჟურნალისტი, დამფუძნებელი და დირექტორი გამოცემებისა „ნეტგაზეთი“ და „ბათუმელები“, პატიმრობაში იმყოფება.
მზიას დაკავება აშკარა მცდელობაა საქართველოში მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მხრიდან, რომ ჩაახშონ კრიტიკული ხმები, დააშინონ დამოუკიდებელი ჟურნალისტები და გაანადგურონ, რაც პრესის თავისუფლებისგან დარჩა საქართველოში.
მიუხედავად ამ თავდასხმისა მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებაზე, ქართველი ჟურნალისტები, მზიას ჩათვლით, ბრძოლას აგრძელებენ.
კვლავ ვიმეორებთ ჩვენს მოთხოვნას, დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს მზია ამაღლობელი და ურყევად გამოვხატავთ ჩვენს სრულ სოლიდარობას მისი ოჯახისა და კოლეგების მიმართ.
შემოგვიერთდით და მოითხოვეთ ჩვენთან ერთად მზიას გათავისუფლება“, – ნათქვამია IPI-ს განცხადებაში.
კამპანია IPI-მ წამოიწყო და მას უერთდებიან მედია-მენეჯერები, ჟურნალისტები, რედაქტორები მთელი მსოფლიოდან.