21.5 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 6, 2026
banner

IPI: ეს დაკავება, მიუხედავად იმისა, რომ წინ გადადგმული მცირე ნაბიჯია, არ ცვლის საქართველოში ჟურნალისტების უსაფრთხოების საერთო სურათს

პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი (IPI) ეხმაურება სპეცდანიშნულების რაზმის იმ თანამშრომლის ბოლოდროინდელ დაკავებას, რომელსაც ბრალად ედება ქართველ ჟურნალისტ გურამ როგავაზე ძალადობრივი თავდასხმა.

ორგანიზაციის განცხადებით, უსაფრთხოების სტრუქტურების მხრიდან ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი მსგავსი დანაშაულების დაუსჯელობა კვლავ ფართოდ გავრცელებულ პრობლემად რჩება.
პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი აცხადებს, რომ სავარაუდო დამნაშავის დაკავება მხოლოდ მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც ჟურნალისტურმა გამოძიებამ საჯაროდ მოახდინა პოლიციელის იდენტიფიცირება – გამოძიება არ მომხდარა საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების შიდა მოკვლევის შედეგად.
„ეს დაკავება, მიუხედავად იმისა, რომ წინ გადადგმული მცირე ნაბიჯია, არ ცვლის საქართველოში ჟურნალისტების უსაფრთხოების საერთო სურათს, სადაც პოლიციისა თუ სხვა სამოქალაქო პირების მხრიდან მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმების აბსოლუტური უმრავლესობა დაუსჯელი რჩება“, – წერს IPI.
ორგანიზაცია ასევე მიუთითებს, რომ „მაღალ შეფასებას აძლევს ტელეკომპანია „ფორმულას“ გუნდის მუშაობას, რომელმაც ჩაატარა გამოძიება როგავაზე თავდასხმის შესახებ და გამოავლინა სავარაუდო დამნაშავე. ჩვენ მოვითხოვთ უსაფრთხოების გარანტიებს რეპორტაჟის ავტორებისთვის, მათ შორის გამოძიების მთავარი ავტორის ელისო ჯარიაშვილისთვის, ისევე როგორც თავად როგავასთვის“.

„IPI და ჩვენი გლობალური ქსელი კიდევ ერთხელ უცხადებს სრულ მხარდაჭერას საქართველოს მამაც ჟურნალისტებს, რომლებიც სულ უფრო მტრულ და სახიფათო გარემოში აგრძელებენ საზოგადოების ინფორმირებისა და პასუხისმგებელ პირთა მხილების სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საქმიანობას. ჩვენ ვითხოვთ, რომ მათ მიეცეთ მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობა შურისძიების შიშის გარეშე“, – ნათქვამია IPI-ის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის  – მიიღეთ ქეშბექი საყვარელ ობიექტებში
შემდეგი სტატიაშსს-ს მომსახურების სააგენტო მართვის მოწმობის მისაღებ გამოცდებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს