“იმისათვის, რომ მოლაპარაკებების ეტაპზე გადავიდეს ქვეყანა, უნდა შესრულდეს ყველა პირობა და შეიძლება საქართველო კანდიდატის სტატუსის ეტაპზე საკმაოდ დიდხანს დარჩეს”, – ამის შესახებ “რადიო თავისუფლების” კორესპონდენტი, რიკარდ იოზვიაკი “მთავარ არხთან” ინტერვიუში საუბრობს.
ევროპელების მხრიდან დიდი ყურადღება ექცევა მედიის თავისუფლებას, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობასა და პოლიტიკურ პოლარიზაციას. ასეა თუ ისე, ეს იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება, მიუხედავად იმისა, რომ თავად ამბობენ, თითქოს დამსახურებაზე დამოკიდებული გადაწყვეტილება უნდა იყოს. მათ არ სურთ, რომ საქართველო ძალიან ჩამორჩეს უკრაინასა და მოლდოვას, რომელთაც უკვე ისედაც ჩამორჩება ერთი ნაბიჯით.
საბოლოო ჯამში, იქნება მწვანე შუქი და კანდიდატის სტატუსი, მაგრამ შეიძლება ამას დამატებითი პირობები დაამატონ. მე ახლა უბრალოდ ჩემს მოსაზრებას გეუბნებით, რომ შეიძლება დიდი მნიშვნელობა შეიძინოს 2024 წლის არჩევნებმა, თუ როგორ ჩაივლის ყველაფერი. საბოლოოდ, ასეა თუ ისე, იმისათვის, რომ მოლაპარაკებების ეტაპზე გადავიდეს ქვეყანა, უნდა შესრულდეს ყველა პირობა და შეიძლება საქართველო კანდიდატის სტატუსის ეტაპზე საკმაოდ დიდხანს დარჩეს.
მე ასევე არ გამოვრიცხავ, რომ მათი ერთ-ერთი დამტებითი პირობა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან მეტი შესაბამისობა იყოს. ვფიქრობ, ევროკავშირის რამდენიმე წევრი ქვეყანა ღიზიანდება იმით, რომ საქართველო ყოველთვის ქვემოთ მიიწევს იმ მიმართულებით, რასაც ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან შესაბამისობა ჰქვია. თუ არ ვცდები, ახლა 36%-ია მხოლოდ და შესაძლოა მათი პირობა იყოს, რომ ეს მონაცემი უნდა გაიზარდოს იმისათვის, რომ გაწევრიანების მოლაპარაკებები დაიწყოს. პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი ძალიან უარყოფითად მოქმედებს და უკეთესი იქნება საქართველოსთვის, თუ ეს პროცესი ახლა შეჩერდება”, – თქვა ჟოზვიაკმა.