„რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს ხელმძღვანელმა, რიკარდ იოზვიაკმა ტელეკომპანია „პირველთან“ ინტერვიუში ბრიუსელში არსებულ განწყობებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ევროკავშირში მიიჩნევენ, რომ ბოლო 6 თვის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებას ევროკავშირის მოთხოვნების შესასრულებლად პრაქტიკულად არაფერი გაუკეთებია.
იოზვიაკის შეფასებით, 11 ივნისს დაგეგმილი სავიზო დიალოგი თბილისისთვის „ბოლო გაფრთხილებაა“, რადგან ევროკავშირის წევრ ქვეყნებს „ყელში ამოუვიდათ და დაიღალნენ ქართველი დიპლომატების ქცევისგან“.
ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ მიუხედავად ქართველი ხალხისადმი სიმპათიისა, ბრიუსელში მოთმინების ფიალა ივსება და საქართველო შესაძლოა უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის პირველი საცდელი შემთხვევა გახდეს.
„მე ცოტათი ვნერვიულობ ქართველების გამო, რომ ეს გახდება საპილოტე ტესტი, საცდელი შემთხვევა… რომ ისინი დაინახავენ როგორ მუშაობს ეს და გამოსცდიან შეჩერების მექანიზმს, რომელიც მანამდე არასდროს გამოუცდიათ. საქართველო შეიძლება იყოს სატესტო შემთხვევა,“ — რიკარდ იოზვიაკი.
იოზვიაკის განმარტებით, ევროკავშირის მოთხოვნები უცვლელია და პრობლემები ორ ძირითად ბლოკად იყოფა:
-
ადამიანის უფლებები: კანონები, რომლებიც ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს. (მაგალითად, ჩაიშალა და არ შემდგარა ადამიანის უფლებების შესახებ დაგეგმილი დიალოგი, რის გამოც ევროკავშირში თავი შეურაცხყოფილად იგრძნეს).
-
სავიზო და მიგრაციული საკითხები: ტიპური პრობლემები, დაწყებული რეგისტრაციიდან, ქვეყანაში ყოფნის ვადის გადაცილებით (ოვერსტეი) დამთავრებული.
ანალიტიკოსის პროგნოზით, საბოლოო გადაწყვეტილება დეკემბერში ან იანვარში იქნება მიღებული. თუმცა, თუ ვითარება არ შეიცვალა, შემოდგომაზე ევროკავშირი ორ სცენარს შორის გააკეთებს არჩევანს: უვიზო რეჟიმის შეჩერება ან ინდივიდუალური სანქციები.
იოზვიაკი ფიქრობს, რომ წევრი ქვეყნების უმრავლესობა, მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე, მხარს უფრო მეტად სანქციებს დაუჭერს:
„ვფიქრობ, უფრო მეტი ადამიანი იტყვის: მოდით, მაშინ სანქციები გავაკეთოთ, რადგან ეს უფრო კარგია ქართველი ხალხისთვის. ამიტომ საქართველოს წინააღმდეგ სანქციები, როგორც გამოსავალი, საბოლოო ჯამში მაინც უფრო სიცოცხლისუნარიანი შეიძლება იყოს, ვიდრე ვიზალიბერალიზაციის შეჩერება.“














