იოსელიანი: შემოდგომაზე არჩევნები იქნება აბსოლუტურად განსხვავებული, გამჭვირვალე და სამართლიანი

ცვლილებები აუცილებლად აისახება კანონმდებლობაში და შემოდგომაზე არჩევნები იქნება აბსოლუტურად განსხვავებული, გამჭვირვალე და სამართლიანი, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ლევან იოსელიანმა განაცხადა.

„დღეს შედგა პრეზენტაცია სამუშაო ჯგუფის, რომელიც დაიწყებს ამ ხელმოწერილი დოკუმენტის რეალურად კანონმდებლობაში ასახვისთვის მოსამზადებელ სამუშაოებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ეს არის პირველი ნაბიჯი, პასუხი ყველა იმ სკეპტიკოსების, რომლებიც ამბობდნენ, რომ გამორიცხულია ეს ცვლილებები აისახოს კანონმდებლობაში. ეს ცვლილებები აუცილებლად აისახება კანონმდებლობაში და არჩევნები, რომელიც იქნება შემოდგომაზე, იქნება აბსოლუტურად განსხვავებული, იქნება გამჭვირვალე და იქნება სამართლიანი. არჩევნების დღის მიმართ კითხვის ნიშნები ამ ცვლილებების შემდეგ პრაქტიკულად მოიხსნება“,- განაცხადა იოსელიანმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, ოპოზიციის ნაწილი თვლის, რომ ეს დოკუმენტი უკანგადადგმული ნაბიჯია, იოსელიანი აცხადებს, რომ ოპოზიციას თუ რამის გაკეთება სურს, ამაზე უკეთეს შედეგს თავად მიაღწიონ.

„ოპოზიციის ნაწილი რას თვლის, ჩემთვის ნაკლებად საინტერესოა. თუ რამის გაკეთება უნდათ, დასხდნენ მაგიდასთან და მიაღწიონ ამაზე უკეთესს. შემოვიდნენ პარლამენტში და ასახონ კანონმდებლობაში“,- განაცხადა იოსელიანმა.

მისივე თქმით, არჩევნებთან დაკავშირებით დროებით საგამოძიებო კომისიაში ოპოზიცია სრულად უნდა იყოს წარმოდგენილი.

„საგამოძიებო კომისიაში ვთვლით, რომ ოპოზიცია წარმოდგენილი უნდა იყოს მთლიანად. ის პარტიები, რომლებსაც ყველგან ჰყავდათ დამკვირვებლები, ვგულისხმობ „ნაციონალურ მოძრაობას“, „ევროპულ საქართველოს“ და „პატრიოტთა ალიანსს“, თუ ისინი შემოვლენ და მოგვცემენ საშუალებას, მათ ხელთ არსებული მტკიცებულებებით დავიწყოთ მუშაობა, მზად ვართ ჩავერთოთ საგამოძიებო კომისიაში და მათთან ერთად დავამტკიცოთ, გავარკვიოთ, რა მოხდა ზოგადად ამ არჩევნებზე“,- განაცხადა ლევან იოსელიანმა.

banner
წინა სტატიაშინინო ბურჯანაძე: აუცილებელია ოპოზიცია გააქტიურდეს
შემდეგი სტატიანიკა მელია გირაოს გადაუხდელობის გამო პროკურატურაში დაიბარეს