იოსელიანი: მათ საჭიროდ ჩათვალეს, რომ ამ ანგარიშშიც კი სასამართლო ეხსენებინათ

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ლევან იოსელიანის განცხადებით, ევროკომისიის ანგარიში ხაზს უსვამს იმას, რამდენად მნიშვნელოვანია ევროპელი კოლეგებისთვის ქართულ სასამართლოში რეფორმების გატარება და იმ შეთანხმების შესრულება, რაც შარლ მიშელის შეთანხმებით იყო გათვალისწინებული, რომ დაიწყებოდა სასამართლოს სრულფასოვანი და ფუნდამენტური რეფორმირება.

როგორც ჟურნალისტებს იოსელიანმა განუცხადა, ხელისუფლების წარმომადგენლების კომენტარები მოისმინა, თითქოს, ევროკომისიამ მმართველი პარტიის მიერ სასამართლოს მიმართულებებით გატარებული ცვლილებები დადებითად შეაფასა, თუმცა სინამდვილეში, რეკომენდაციებში ჩანაწერია იმის თაობაზე, რომ 2021 წლის 12 ივლისს, პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს ექვსი მოსამართლე დანიშნა ძველი სისტემით, რაც ევროკავშირისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს ეწინააღმდეგება.

„ეს ის შეფასებაა, რომლითაც ის ქმედება შეაფასეს, რითაც „ქართულმა ოცნებამ“ სასამართლოსთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში ჩაიდინა. ეს ანგარიში ძირითადად ეხება ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. მათ საჭიროდ ჩათვალეს, რომ ამ ანგარიშშიც კი სასამართლო ეხსენებინათ. ეს ხაზს უსვამს, რამდენად მნიშვნელოვანია ევროპელი კოლეგებისთვის სასამართლოში რეფორმების გატარება და იმ შეთანხმების შესრულება, რაც შარლ მიშელის შეთანხმებით იყო გათვალისწინებული, რომ დაიწყებოდა სასამართლოს სრულფასოვანი და ფუნდამენტური რეფორმირება. სამწუხაროდ, ამ თვალსაზრისით არც ერთი ფუნდამენტური ნაბიჯი არ არის გადადგმული და „ქართულმა ოცნებამ“ მოსამართლეები დანიშნა, რომელიც არც ერთ კრიტერიუმს არ აკმაყოფილებენ. კერძოდ, კეთილსინდისიერებასა და პროფესიონალიზმს“, – განაცხადა იოსელიანმა.

banner
წინა სტატიაშისახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მარიანა ჩოლოიანის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაNCDC: ავადმყოფების რაოდენობიდან გამომდინარე დღეს თითქმის ყველა კლინიკა გადავსებულია