იოსელიანი – არ მგონია, ერთი ან მეორე მხრიდან ულტიმატუმებით საუბარი გამართლებული იყოს

არ მგონია, რომ ერთი ან მეორე მხრიდან ულტიმატუმებით საუბარი გამართლებული იყოს, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ყველა კარგად ხედავს, როგორ დაძაბულობამდე მიიყვანა ქვეყანა ულტიმატუმებით საუბარმა.

ამასთან, ლევან იოსელიანმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასაც გამოეხმაურა.

„სტრასბურგის გადაწყვეტილება არის კარგი იმ თვალსაზრისით, რომ მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა, ხოლო სახელმწიფოს მის ჯანმრთელობაზე განსაკუთრებული მონიტორინგის წარმოება. ამ გადაწყვეტილებით ნათლად არის გამოხატული, მოვლენები როგორ უნდა განვითარდეს. იმედია, ორივე მხარე გადადგამს გონივრულ ნაბიჯებს. უკიდურეს ფორმას, შიმშილობას არ მივესალმები, რადგან ადამიანს ფიზიკურად ვნებს და გამორიცხული არ არის, ეს გაუთვალისწინებელი შედეგით დასრულდეს. ვინმეს მიმართ როგორი პოლიტიკური დამოკიდებულებაც არ უნდა მქონდეს, ადამიანურად ასეთ პროტესტს არ ვამართლებ და დემოკრატიულ ქვეყნებში ეს ფორმა დიდი ხანია არ გამოიყენება, როგორც პროტესტის გამოხატვის ფორმა“, – განაცხადა იოსელიანმა.

​ამასთან, მისივე თქმით, უკიდურესად არასწორი იყო პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული ვიდეოკადრები, რადგან იოსელიანის განცხადებით, ვიდეო შეიცავდა ადამიანის ღირსების შემლახველ ინფორმაციას.

„როცა ტანზემოთ შიშველ ადამიანს აჩვენებ, ვინც არ უნდა იყოს და მით უმეტეს, ყოფილი პრეზიდენტი, ეს არის ღირსების შემლახველი. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მომხრეების გარდა, სააკაშვილს ჰყავს ოჯახი, შვილები, მშობლები და მათთვის ასეთი რამის ნახვა ძალიან რთულია. ქვეყანაში ყველა ადამიანის ღირსება დაცული უნდა იყოს. ის, რაც ამ ქვეყანამ ერთხელ უკვე გამოიარა – ადამიანების მიმართ არაადამიანური მოპყრობა, ღირსების შელახვა და წამება, ეს არც ერთი ფორმით აღარ უნდა განმეორდეს. ამიტომ, იუსტიციის სამინისტროს მიერ ასეთი კადრების გავრცელება უკიდურესად არასწორი ნაბიჯია და არსებულ დაპირისპირებას კიდევ უფრო ამძაფრებს“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

banner
წინა სტატიაში„ნაციონალური მოძრაობის” წევრებისა და მხარდამჭერების აქცია დასრულდა
შემდეგი სტატიაევროპელი პოლიტიკოსების გზავნილი მიხეილ სააკაშვილს- მესამე პრეზიდენტს წერილს სამადაშვილი გადასცემს