იოსებ ხახალეიშვილი: დარწმუნებული ვარ, ქუთაისი მეორე ტურში ღირსეულ არჩევანს გააკეთებს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ნოემბერი 1, 2020 14:00

იოსებ ხახალეიშვილი: დარწმუნებული ვარ, ქუთაისი მეორე ტურში ღირსეულ არჩევანს გააკეთებს

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი დარწმუნებულია, რომ ქუთაისი მეორე ტურში ღირსეულ არჩევანს გააკეთებს.

როგორც იოსებ ხახალეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, 31 ოქტომბერს არჩევნები თავისუფალ, დემოკრატიულ გარემოში ჩატარდა და საზოგადოებამ მხარდაჭერა “ქართულ ოცნებას” გამოუცხადა.

“პირველ რიგში, მინდა, გამოვეხმაურო გუშინდელ არჩევნებს, რომელიც თავისუფალ, დემოკრატიულ გარემოში ჩატარდა და საზოგადოებამ მხარდაჭერა გამოუცხადა “ქართულ ოცნებას”, რაც იმის მაჩვენებელია, რომ ჩვენ გუნდს შეუძლია დააკომპლექტოს მთავრობა, დიდი მადლობა გადავუხადო თითოეულ ჩვენ მხარდამჭერს.

რაც შეეხება ქუთაისის მერის არჩევნებს, მე მივიღე 46% და ქუთაისში ჩვენ გვაქვს მეორე ტური, მადლობას ვუხდი ჩემს ამომრჩეველს, რომელიც დარწმუნებული ვარ, მეორე ტურში კიდევ უფრო მობილიზებული იქნება. ჩვენს კონკურენტებს რაც შეეხებათ, მათ ჩვევიათ ბრძოლის ველიდან გაქცევა და ამიტომ ეს მათი არჩევანია. ჩვენ გავაგრძელებთ საქმიანობას და დარწმუნებული ვარ, ქუთაისი მეორე ტურში ღირსეულ არჩევანს გააკეთებს”, – განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

31 ოქტომბრის არჩევნებში “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ქუთაისის მერობის კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა ხმების 46.10% მიიღო, “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა გრიგოლ შუშანიამ კი 31,47%.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ნოემბერი 1, 2020 14:00