იოსებ ბარათაშვილის ცოტნე გამსახურდიას სტატუსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

2019 წლის 26 ივლისის სოციალური ქსელი Facebook-ის მეშვეობით გამოქვეყნდა ცოტნე გამსახურდიას პოსტი, რომელშიც ნათქვამია, რომ 2014 –2017 წლებში, როდესაც ვიცავდი საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ოჯახის წევრთა ინტერესებს, დაშვებული მაქვს სერიოზული შეცდომები, გავუშვი სამართალწარმოების ვადები და ყველანაირად ვცდილობდი დასაცავ პირთა შეცდომაში შეყვანას, სრულიად არაადეკვატური მეთოდებით ვცდილობდი ც. გამსახურდიას გადარწმუნებას, რომ სარჩელით არ მიემართა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსათვის და თითქოს პროკურატურასთან ერთად ვაფერხებდი ზ. გამსახურდიას მკვლელობის საქმის გამოძიებას.
თავიდანვე მინდა ვთქვა, რომ ც. გამსახურდიას პოსტში ასახული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და წარმოადგენს ცილისწამებას. ამიტომ აუცილებლად მიმაჩნია, საზოგადოებას მივაწოდო დეტალური ინფორმაცია საქმის რეალური ვითარების შესახებ.
2015 წელს დამიკავშირდა კონსტანტინე გამსახურდია და მთხოვა შევხვედროდი მისთვის მნიშვნელოვან საკითხზე სასაუბროდ, რის შემდეგაც შევხვდი კონსტანტინე, ცოტნე და გიორგი გამსახურდიებს. შეხვედრის დროს მთხოვეს, რომ დამეცვა მათი ინტერესები ზვიად გამსახურდიას მკვლელობის სისხლის სამართლის საქმეზე. მე ვუთხარი, რომ მათი ინტერესების დაცვას ვთვლიდი ჩემს მოვალეობად, რადგან ახლოს ვიცნობდი ბატონ ზვიადს, უდიდეს პატივს ვცემდი მას; რომელსაც ჩემთან, როგორც ც. გამსახურდია თავის პოსტში ამჯერად სამართლიანად აღნიშნავს, მართლაც მამა–შვილური დამოკიდებულებაა ჰქონდა. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ც. გამსახურდიამ შემომთავაზა იურიდიული მომსახურების საზღაურის გადახდა, რაზეც კატეგორიული უარი ვუთხარი.
2016 წლის იანვარში კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიებთან ერთად მივედი საქართველოს მთავარ პროკურატურაში, შევუდექი საქმის მასალების გაცნობას და სათანადო ამონაწერების გაკეთებას. ზ. გამსახურდიას ოჯახის წევრებს იმ პერიოდში არ ჰქონდათ მინიჭებული დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი, თუმცა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით პროკურატურამ ნება დართო გაცნობოდნენ საქმის მასალებს ადვოკატთან ერთად. ამავე დროს, პროკურატურამ მათ არ მისცა საქმის მასალების ასლების გადაღების უფლება.
ამის შემდეგ სისტემატურად დავდიოდი მთავარ პროკურატურაში, ვეცნობოდი სისხლის სამართლის საქმის მრავალრიცხოვან ტომებს და ვაკეთებდი ამონაწერებს. საქმის გამომძიებლის მიერ, ჩემი მოთხოვნით, ასევე გამოთხოვილი და შესაწავლილი იქნა სხვა სისხლის სამართლის საქმის მასალებიც, რომლებიც ასევე უკავშირდება ზ. გამსახურდიას გარდაცვალების გარემოებებს. იმ პერიოდში ხშირად ვხვდებოდი ც. გამსახურდიას და ვუზიარებდი ჩემს მოსაზრებებს საქმის შესახებ. ერთ–ერთი შეხვედრის დროს ცოტნე გამსახურდიამ მითხრა, რომ მას შეხვედრა ჰქონდა მთავარი პროკურორის ერთ–ერთ მოადგილესთან, რომელმაც მოუწოდა, რომ მე ჩამოვეცლებინე საქმეს, თუმცა ცოტნე არ დათანხმდა. მოგვიანებით, როდესაც უკვე აღარ ვიცავდი მათ ინტერესებს, ც. გამსახურდიამ საჯარო განცხადება გააკეთა აღნიშნულის თაობაზე, იმის დასადასტურებლად თუ როგორ ახდენდა პროკურატურა ზეწოლას ზ. გამსახურდიას ოჯახის წევრებზე.
2017 წლის დასაწყისში დავასრულე საქმის მასალების გაცნობა, რის შემდეგაც ჩამომიყალიბდა ჩემი პოზიცია ზ. გამსახურდიას გარდაცვალების გარემოებების შესახებ, რაც მდგომარეობს შემდეგში:
1. მიუხედავად საქმის დიდი მოცულობისა, ის ნაწარმოებია ზერელედ, საგამოძიებო ორგანოს მიერ მისი მოვალეობის ფორმალურად მოხდის მიზნით.
2. 1994 წლიდან საქმის წარმოება რამდენჯერმე შეწყდა და კვლავ განახლდა და საქმის წარმოების ყოველი განახლება, ისევე როგორც ხელისუფლების მიერ სხვა მეტ–ნაკლებად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება (დანაშაულის კვალიფიკაციის დაზუსტება, ზ გამსახურდიას ოჯახის წევრის დაზარალებულად ცნობა, საგამოძიებო ვადის გაგრძელება), როგორც წესი, ხდებოდა ან ზვიად გამსახურდია დაბადების ან გარდაცვალების თარიღების წინ ანდა რომელიმე არჩევნების მოახლოებისას, რათა ხელისუფლება მოეპოვებინა ზ. გამსახურდიას მომხრეთა მხარდაჭერა. ყოველივე ეს გვიჩვენებს, რომ საქართველოს არც ერთი ხელისუფლება არ ყოფილა დაინტერესებული, ყოველმხრივ და არსებითად გამოეძიებინა პრეზიდენტ ზ. გამსახურდიას გარდაცვალების საქმის გარემოებები.
3. მიუხედავად იმისა, რომ მომხდარი დანაშაულიდან გასულია დიდი დრო, სხვადასხვა უწყებებიდან (მაგალითად, უშიშროების სამსახურიდან) თავის დროზე საგამოძიებო ორგანოს მიერ არ იქნა გამოთხოვილი მრავალი უმნიშვნელოვანესი მტკიცებულება, არ დაიკითხნენ მოწმეები, რომლებიც უკვე გარდაცვლილი არიან, საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ 1993 წლის შემოდგომაზე, საქართველოს იმდროინდელი ფაქტობრივი ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები, უშიშროებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური და ადგილობრივი ორგანოები მიზანმიმართულად და კოორდინირებულად მოქმედებდნენ საქართველოს პირველი პრეზიდენტის ლიკვიდაციის მიზნით. ამ პროცესში ჩართული იყვნენ გენერალი გ. გულუა და მისდამი დაქვემდებარებული პირები, აგრეთვე გ. გულუასა და უშიშროების სამსახურის მიერ გადაბირებული კანონიერი ხელისუფლების ყოფილი მომხრეები; უშიშროების სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სპეცდანიშნულების ჯგუფი ,,ალფა“ და რუსეთის ფედერაციის სპეცდანიშნულების რაზმი (ე.წ. ,,ღამურა“), რომლებიც იმ პერიოდში ზუგდიდში იყვნენ დისლოცირებული; მოწმეთა ჩვენებებით დადასტურებულია, რომ ვერცერთმა იმ პირმა, რომლებიც 1993 წლის 30-31 დეკემბერს იმყოფებოდნენ ხობის რაიონის ძველ ხიბულაში, კარლო ღურწკაიას სახლში, ვერ გაიგონა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის ხმა (ჩვენებების მიხედვით, მათ გაიგონეს რაღაც საგნის დავარდნის ყრუ ხმა), ხოლო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ზ.გამსახურდიას თავის მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღიდან ტყვიის გასროლა მოხდა ზემოდან ქვევით. ყოველივე ეს ფაქტობრივად გამორიცხავს პრეზიდენტ ზ.გამსახურდიას თვითმკვლელობის ვერსიას.
4. 2011 წლის 22 თებერვალს საქართველოს პარლამენტმა მიიღო დადგენილება, რომლითაც მიმართა საქართველოს მთავარ პროკურატურას, გამოეყენებინა საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებასთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის მიერ მოკვლეული ახალი ფაქტები და გარემოებები და მოეხდინა სათანადო რეაგირება. ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებასთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის დასკვნაში, რომელიც გამოქვეყნდა 2011 წლის თებერვალში, დეტალურადაა შესწავლილი საქართველოს პირველი პრეზიდენტის გარდაცვალების გარემოებები. გამოიკითხა ათეულობით მოწმე, გამოკვლეული იქნა #7494802 სისხლის სამართლის საქმეზე დაკითხულ პირთა მიერ პროკურატურისათვის მიცემულ ჩვენებებსა და საპარლამენტო კომისიის გამოკითხვებში გამოვლენილი ფაქტების შეუსაბამობები და ურთიერთწინააღმდეგობები, შესწავლილი იქნა რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ჩრდილოეთ კავკასიის სამხედრო ოლქის სასამართლო-სამედიცინო და კრიმინალისტიკური ექსპერტიზების სახელმწიფო ცენტრის ექსპერტთა კომისიის დასკვნა. საპარლამენტო კომისიის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს ექსპერტ-კრიმინალისტებმა და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტებმა, რომელთა დასკვნები ასევე ერთვის თან პარლამენტის დროებითი კომისიის დასკვნას. მოწმეთა ჩვენებები, მათ შორის ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირთა ახსნა-განმარტებები და ექსპერტთა დასკვნები ცხადყოფს, რომ არსებობს მყარი არგუმენტები, რათა გამოირიცხოს საქართველოს პირველი პრეზიდენტის თვითმკვლელობის ვერსია.
ჩემი ეს მოსაზრებები გავაცანი ცოტნე და კონსტანტინე გამსახურდიებს, რის შემდეგაც 2017 წლის ზამთარში საქართველოს მთავარ პროკურატურაში მე და ც. გამსახურდია შევხვდით საქართველოს მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძეს, მის მოადგილეებს, საგამოძიებო ნაწილის უფროსს და საქმის გამომძიებელს. შეხვედრის დროს მე მათ გავუზიარე ჩემი მოსაზრებები საქმესთან მიმართებით, დავუსახელე ყველა ის არგუმენტი, რაც მაფიქრებინებდა, რომ ჩადენილი იყო პირველი პრეზიდენტის მკვლელობა და ვუთხარი, თუ რა ნაბიჯების გადაგმა მიმაჩნდა აუცილებლად საქმის სწორად წარმართვისათვის. მთავარმა პროკურორმა აღგვითქვა დახმარება და გამომძიებელს დაავალა გაეთვალისწინებინა ჩვენი მოსაზრებები, თუმცა, ვიდრე მე ვიყავი საქმეში ჩართული, ბევრი არაფერი გაკეთებულა.
2017 წლის 15 მარტს, ჩემი ინიციატივით კ. და ც. გამსახურდიებთან შეთანხმებით, განცხადებით მივმართე საქართველოს მთავარ პროკურორს და მოვითხოვე ზ. გამსახურდიას ოჯახის წევრების დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობა. განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ 2015 წლის მარტში საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების გარემოებების დასადგენად აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს შეეცვალა კვალიფიკაცია და მას შემდეგ, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (1960 წლის რედაქცია) 104-ე მუხლის მე-3 პუნქტით (განზრახი მკვლელობა ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში). შემდეგ, ზემოთ მითითებულ გარემოებებზე დაყრდნობით, ვითხოვდი ზ. გამსახურდიას ოჯახის წევრების დაზარალებულად ცნობას კანონით დადგენილი წესით.
2017 წლის აპრილში მივიღე პროკურორის პასუხი, დათარიღებული 31 მარტით. პასუხში აღნიშნული იყო, რომ ჩემი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, ვინაიდან არ იყო დადგენილი დანაშაული ჩადენის ფაქტი. ამავე დროს, პროკურორის პასუხში აღნიშნული იყო პრეზიდენტ ზ. გამსახურდიას საქმეს არ შეცვლია კვალიფიკაცია და კვალიფიკაცია მხოლოდ დაზუსტდა, ვინაიდან ბრალის თავდაპირველ დადგენილებაში არ იყო განსაზღვრული, თუ რა ფაქტზე და სისხლის სამართლის კოდექსის რომელი მუხლით იყო დაწყებული გამოძიება.
პროკურორის პასუხის შემდეგ, აღნიშნული უზუსტობის აღმოფხვრის მიზნით, მიზანშეწონილად მივიჩნიე, რომ კვლავ მიგვემართა გენერალური დაზარალებულად ცნობის მოთხოვნით. 2017 წლის 28 აპრილს და 10 ივლისს, ამჯერად უკვე ცოტნე და კონსტანტინე გამსახურდიებმა მიმართეს განცხადებებით მთავარ პროკურორს და მოითხოვეს დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობა. ორივე განცხადების ტექსტი შევადგინე მე. მოგვიანებით, როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი, პროკურატურამ კვალავ უარით უპასუხა მათ, რის შემდეგაც მათმა ახალმა ადვოკატმა საჩივრით მიმართა სასამართლოს. საჩივრით განხილვამდე, 2017 წლის ოქტომბრის დასაწყისში, პროკურატურამ ნებაყოფლობით ცნო დაზარალებულის უფლებამონაცვლედ კონსტანტინე გამსახურდია. ნიშანდობლივია, რომ დაზარალებულად ცნობა მოხდა ადგილობრივი არჩევნების ჩატარების წინ, რომელიც გაიმართა 2017 წლის ოქტომბერში.
2017 წლის ივლისის ბოლოს მე დამიკავშირდა ცოტნე გამსახურდია და მითხრა, რომ დაზარალებულად ცნობის შესახებ უარი სურდა გაესაჩივრებინა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. მე მას ავუხსენი, რომ ეს საკითხი უნდა გადაწყვეტილიყო საქართველოში და არ მიმაჩნდა სწორად ევროპის სასამართლოში მისი გასაჩივრება და არსებობდა საფრთხე, რომ ხელისუფლებას საერთოდ დაეხურა საქმე. იმავე დღეებში ც. გამსახურდიამ ჩემთან ოფისში მოიყვანა მისი ახალი ადვოკატი, ევროპულ სასამართლოში საჩივრის მოსამზადებლად. მას ასევე ვუთხარი, რომ არ მიმაჩნდა სწორად საქმის ევროპულ სასამართლოში გასაჩივრება, თუმცა თუ რაიმე შეკითხვა გაუჩნდებოდა საქმესთან დაკავშირებით, მზად ვიყავი გამეცა პასუხი. იმავე შეხვედრაზე მე ც. გამსახურდიას და მის ადვოკატს გადავეცი ჩემს მიერ შედგენილი ყველა განცხადება და პროკურატურიდან მიღებული პასუხები ელექტრონული სახით, აგრეთვე ჩემს მიერ გაკეთებული ჩანაწერები. ამის შემდეგ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე არავითარი მონაწილეობა აღარ მიმიღია და არც ც. გამსახურდია დამკავშირებია რაიმე შეკითხვით ან პრეტენზიით.
ჩემს მიერ ზემოთ აღწერილი ფაქტების შემდეგ მინდა გავაკეთო შემდეგი დასკვნა:
1. საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ბატონი ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმის შესწავლაზე ვიმუშავე მთელი პასუხისმგებლობით და ძალისხმევით, იმის შეგრძნებით, რომ ამ საქმის ბოლომდე მიყვანას დიდი მნიშვნელობა ექნება არა მხოლოდ პირველი პრეზიდენტის ოჯახის, არამედ მთელი ჩვენი საზოგადოებისათვის.
2.არასწორად მიმაჩნდა და დღესაც არასწორად ვთვლი ამ საქმის გასაჩივრებას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში იმის გამო, რომ ერთის მხრივ მკვლელობის ფაქტი მოხდა საქართველოს მიერთებამდე ევროპულ კონვენციასთან და ესეც რომ არ იყოს, დიდი ხნის გასულია ის ვადა, როდესაც მხარეს უნდა მიეჩნია, საქმის წარმოებამ საქართველოში დაკარგა ეფექტურობა. როგორც ჩემთვის, ცნობილია საჩივარი დღემდე არ არის გაგზავნილი ევროპულ სასამართლოში.
3. არც ამ და არც სხვა საქმეში არასდროს შემიწყვია ხელი პროკურატურისათვის, მისი მიზნების განსახორციელებლად და ჩემი დადანაშაულება პროკურატურასთან თანამშრომლობაში პრეზიდენტ ზ. გამსახურდიას საქმის შეფერხების მიზნით, არის არა მხოლოდ ცილისწამება, არამედ სრული აბსურდიც.
4. მოვუწოდებ ცოტნე გამსახურდიას, გამოაქვეყნოს ჩემს მიერ შედგენილი ყველა განცხადებისა და დოკუმენტის ტექსტი, რათა საზოგადოებამ თავად შეაფასოს ისინი.
5. დაბოლოს, თუ ოდესმე ცოტნე გამსახურდიას სინანულის გრძნობა დაეუფლება იმ შეურაცხყოფისათვის, რომელიც სრულიად უსამართლოდ მომაყენა, ღმერთს მადლობას შევწირავ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შევეცდები ვიხელმძღვანელო უფლის სიტყვებით: ,,ხოლო მე გეტყვი თქვენ …აკურთხევდით მაწყევართა თქვენთა და კეთილსა უყოფდით მოძულეთა თქვენთა“.

 

იოსებ ბარათაშვილი
ადვოკატი,
საქართველოს უზენაესი საბჭოს წევრი,
საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი.

 

 

შეხვედრისას მას სრული ისტერიკა დაემართა…

banner
წინა სტატიაში,,ხევში გადავარდნილი სატვირთო ავტომობილი წყლის კალაპოტიდან გამოტანილია”-საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადება
შემდეგი სტატიალორა თორნტონი – ირაკლი ოქრუაშვილის საქმეზე „ენდიაი“ მონიტორინგს ახორციელებს, ვიღებთ ყველა ინფორმაციას