იონსონი: ​ჩვენი ფუნქცია არის საარჩევნო პროცესის შეფასება, ჩვენ არ ვატარებთ ტესტს ქართული დემოკრატიისთვის

​ჩვენი ფუნქცია არის საარჩევნო პროცესის შეფასება, ჩვენ არ ვატარებთ ტესტს ქართული დემოკრატიისთვის, საარჩევნო პროცესს ვაკვირდებით, მაგრამ არ ვერევით, – ამის შესახებ ეუთო/ოდირის (OSCE/ODIHR) სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ალბერტ იონსონმა განაცხადა.

როგორც იონსონმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ეუთო/ოდირი ვერ შეაფასებს, რამდენად შეიძლება მოახდინოს არჩევნების საბოლოო შედეგებზე გავლენა იმ ხარვეზებმა, რომელიც საარჩევნო პროცესის დროს დაფიქსირდა.

„არასწორმა პრაქტიკამ რამდენად შეიძლება, მოახდინოს გავლენა არჩევნების შედეგებზე, ამას ჩვენ ვერ შევაფასებთ და ვერ გავზომავთ. როგორც წინა ანგარიშებში აღვნიშნეთ, ეს ყველაფერი პირდაპირ კავშირშია საზოგადოების მხრიდან ნდობასთან. განცხადებებში ვსაუბრობთ საჩივრებზე, ეჭვებზე, რომელიც ისევ რჩება. ერთი გამონაკლისი იყო, „ქართული ოცნების“ აქციაზე თავისუფლების მოედანზე წინა კვირას, როდესაც ჩვენი გრძელვადიანი დამკვირვებელი შევიდა და ეკითხებოდა ხალხს შემთხვევითი პრინციპით. ადამიანები პასუხობდნენ, რომ მათ დაავალეს, მოუწოდეს, წასულიყვნენ ამ აქციაზე. ეს გახლდათ ეჭვი, ვარაუდი, მაგრამ სარწმუნო ვარაუდი. რა თქმა უნდა, ამან მოახდინა გავლენა საარჩევნო გარემოზე, კამპანიაზე, დისკურსზე. ჩვენი საბოლოო ანგარიში რვა კვირაში იქნება მზად. ჩვენ აღვნიშნეთ ანგარიშში, რომ ასეთი ვარაუდები აზიანებს საზოგადოების ნდობას არჩევნების პროცესისადმი და ერთ-ერთი რეკომენდაცია უკვე გაწეული იქნა ხელისუფლების მიმართ, რომ ეს ვარაუდები გამოიძიოს, მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია გავზომოთ არასწორი პრაქტიკების შედეგი, თუ რა გავლენა იქონია საბოლოო შედეგებზე“, – განაცხადა იონსონმა.

მისივე თქმით, ეუთო/ოდირის მიზანია, საარჩევნო პროცესის შეფასება საერთაშორისო სტანდარტების საფუძველზე.

„ჩვენ არ შეგვიძლია გავზომოთ ამ არასწორი პრაქტიკის თუ დარღვევების შედეგების გავლენა საბოლოო შედეგებზე, ეს არის შეუძლებელი, ჩვენს შესაძლებლობებში ამაზე პასუხის გაცემა არ შედის. ჩვენი ორიენტაცია არჩევნების დაკვირვებაზე მიზნად ისახავს მთლიანად პროცესის შეფასებას და მის გაზომვას საერთაშორისო სტანდარტების საფუძველზე, თუ რა პროგრესი განიცადა საქართველომ. ამის შემდეგ, ჩვენ საქართველოს ხელისუფლებას და ქართველ ხალხს ვაძლევთ რეკომენდაციებს, შეფასებებს იმის შესახებ, საარჩევნო პროცესის სხვადასხვა ასპექტი რამდენად შეესაბამებოდა საერთაშორისო სტანდარტებს“, – განაცხადა იონსონმა.

ალბერტ იონსონის განცხადებით, საარჩევნო პროცესისას საარჩევნო ადმინისტრაცია იყო ძალიან კომპეტენტური.

„საარჩევნო სისტემაში ბევრად უფრო მეტი კომპეტენცია და თანასწორობა არის ცენტრალურ დონეზე, ვიდრე ადგილობრივ დონეზე. ერთი რამ შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი სადამკვირვებლო მისიები ხელს უწყობენ დემოკრატიულ პროცესს, ისინი მუშაობენ დემოკრატიული პროცესის გასაუმჯობესებლად და შემდეგ უკვე თვითონ ქვეყანაზე ქართველ ხალხზე, საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, რომ იმოქმედონ ჩვენი რეკომენდაციების შესაბამისად და მოხდინონ რეაგირება ჩვენს რჩევებზე, რომლებიც მიმართულია მთლიანობაში გარემოს გაუმჯობესებისკენ“, – აღნიშნა იონსონმა.

ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლების გადასაწყვეტია, რამდენად მოახდენს გაცემულ რეკომენდაციებზე რეაგირებას.

„ჩვენი ფუნქცია არის საარჩევნო პროცესის შეფასება, თუ რამდენად შეესაბამება ის საერთაშორისო სტანდარტებს და საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებს, შემდეგ გამოვცემთ დასკვნებს. გამოქვეყნდება საბოლოო ანგარიში, რომელშიც იქნება დაზუსტებული ეს რეკომენდაციები. ჩვენ ხელს ვუწყობთ ამ პროცესს, მაგრამ ეს პროცესი, საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანა გეკუთვნით თქვენ. საქართველოს ხელისუფლების გადასაწყვეტია, რამდენად მოახდენს რეაგირებას ჩვენს რეკომენდაციებზე. შეფასება, არის თუ არა დემოკრატიული, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, ეს ქართულმა საზოგადოებამ უნდა შეაფასოს. ჩვენ ვაფასებთ საარჩევნო პროცესს, მის სხვადასხვა ასპექტებს საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, თუ რამდენად იყო თავისუფალი და მისაღები. მე ვთქვი, რომ ოდირის და ვენეციის კომისიის ზოგიერთი რეკომენდაცია საკანონმდებლო ჩარჩოსთან დაკავშირებით არ შესრულდა. ჩვენ არ ვატარებთ ტესტს ქართული დემოკრატიისთვის, ჩვენ ვზომავთ ჩატარებულ პროცესს საერთაშორისო ვალდებულებების მიმართ. ჩვენ ვაკვირდებით, მაგრამ არ ვერევით. ჩვენ ვაკვირდებით ფაქტებს და როდესაც ეს ფაქტები არსებობს, წარმოგიდგენთ ჩვენს შეფასებებს. დღეს მაგალითად წარმოგიდგინეთ წინასწარი შეფასებები, მაგრამ რამდენიმე კვირაში მოგაწვდით უკვე დეტალურ შეფასებას თავისი რეკომენდაციებით“, – განაცხადა იონსონმა.

წინა სტატიაშიდუმბაძე: ყველგან და ყველაფერში, სადაც რაიმე კვეთაა ხელისუფლებასთან, უნდა ჩავჭრათ
შემდეგი სტატიასააკაშვილის პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე ციხეში შევიდა