შეზღუდული შესაძლებლობის თემის პოლიტიკური მიზნებისთვის, პროვოკაციისთვის, ან საკუთარი ლიდერის საამებლად გამოყენება არის ერთ-ერთი ყველაზე ამორალური და უღირსი საქციელი, რაც ადამიანმა შეიძლება იკადროს, – ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ დეპუტატი, რატი იონათამიშვილი პარლამენტის სხდომაზე მომხდარ ინციდენტს.
დეპუტატი მომხდარ ფაქტს პროვოკაციას უწოდებს.
„დღეს შშმ პირთა უფლებების დაცვის დღეა, ამ დღეს ჩვენ არ ვულოცავთ ერთმანეთს, არამედ ვახდენთ ფოკუსირებას პრობლემურ საკითხებზე, რადგან შშმ პირთა უფლებებზე მუშაობა არის ჩვენი ყოველდღიური ვალდებულება. ამის ფონზე, რაც დღეს პლენარულ სესიაზე იკადრა ერთმა პირმა, რომელმაც შშმ ბავშვებთან და მოზარდებთან შეუთანხმებლად სცადა რადიკალიზაცია, რითაც არ გაუფრთხილდა მათ ინტერესებს და მიაყენა სტრესი, არის მხოლოდ ზიზღის უკიდურესი გამოვლენა. მაგრამ, კიდევ უფრო მძიმეა იმ ადამიანების ფაშისტური ფსიქოლოგია, ვისთან ერთადაც დაიგეგმა ეს პროვოკაცია და ვინც ტაშს უკრავდა დარბაზიდან. ეს კლასტერი ყველას, მათ შორის, შშმ ბავშვებს გამოიყენებენ ერთსაათიანი რადიკალური ნიუსებისთვის. მძიმე სურათები ვნახე, სადაც ბავშვები არიან შეწუხებული და პროვოკატორი მომღიმარი, მაგრამ მათ, ცხადია, არ გავაზიარებ.
დღეს გაეროში უნდა ვისაუბრო იმ დამსახურებაზე, რაც ქართველ შშმ პირებს აქვთ საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე, იმ დაჭრილ 300 სამხედრო მოსამსახურეზე, ვინც საკუთარი ჯანმრთელობის ფასად მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილებში იცავდა გლობალურ მშვიდობასა და უსაფრთხოებას! იმ მიღწევებზე და გამოწვევებზე, რაც შშმ პირთა უფლებების განმტკიცებისთვის გვაქვს დღეს საქართველოში. გარდა ამისა, გვაქვს პროაქტიული დღის წესრიგი. ბოლო ერთი წელი ფუნდამენტური გადაწყვეტილებების და ცვლილებების წელი იყო და მნიშვნელოვანი სიახლეები კიდევ გვექნება მალე. ცხადია, მსგავს არაჯანსაღ ქმედებებს ერთადერთი შედეგი რაც ექნება, გამოააშკარავებს რადიკალების რეალურ სახეს და “ღირებულებებს“- წერს იონათამიშვილი „ფეისბუქზე“.