იოახიმ გაუკი: საქართველოს პრეზიდენტმა იცის, რომ არ მაქვს ოპერატიული ამოცანები, ამიტომ ვიზალიბერალიზაციაზე ჩემთან არ უსაუბრია

საქართველოს პრეზიდენტმა იცის, რომ გერმანიის პრეზიდენტს არ აქვს ოპერატიული ამოცანები, კონკრეტულ პოლიტიკაში არ მონაწილეობს, მაგრამ დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ ჩვენ ვიცით, თუ რამდენად ინტენსიურად აყენებს ქართული მხარე ამ საკითხს,- ამის შესახებ გერმანიის პრეზიდენტმა, იოახიმ გაუკიმ საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განცხადა.

„ჩვენ ვიცით, რომ ევროკომისიამ თავისი ანგარიში წარმოადგინა. ძალიან მაინტერესებს, როგორი იქნება კომისიის და ევროპარლამენტის დამოკიდებულება ამ საკითხთან დაკავშირებით. ძალიან გთხოვთ, გაგებით მოეკიდოთ იმას, რომ მე პოლიტიკურ პოზიციას ამასთან დაკავშირებით ვერ მოგახსენებთ. მე არ ვარ ოპერატიული პრეზიდენტი და ოპერატიული პოლიტიკის საკითხებზე ვერ ვუპასუხებ. ამითი მე ჩავერეოდი პარლამენტისა და მთავრობის საქმიანობაში“,-აღნიშნა გერმანიის პრეზიდენტმა. მისივე თქმით, უნდა მოიძებნოს გზები, რომ მეტი სტაბილურობა შეიქმნას.

როგორც მან აღნიშნა, პოლიტიკოსებიც და მოსახლეობაც ევროკავშირს დიდი იმედით უყურებენ და უნდათ მასში გაწევრიანება.

„გააჩნია, ევროპის რომელი მხრიდან უყურებ ევროკავშირს. თუკი ბრიტანელების უმრავლესობა სკეპტიკურად უყურებს ევროკავშირს, აღმოსავლეთში სრულიად სხვა ემოციური ფონი არსებობს ევროპასთან დაკავშირებით. პოლიტიკოსებიც და მოსახლეობაც ევროკავშირს დიდი იმედით უყურებენ და უნდათ მასში გაწევრიანება“,-აღნიშნა გერმანიის პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშივლადიმირ პუტინი : რუსეთი კვლავ უჭერს მხარს ევროკავშირთან ერთიანი ეკონომიკური სივრცის შექმნას
შემდეგი სტატიაკვლევების მიხედვით, გამოკითხულთა 70% ევროკავშირში გაწევრიანებას უჭერს მხარს