ინტოქსიკაციამ იმატა: “არ არის გამორიცხული, ნარკოტიკის ახალი პარტია იყოს შემოტანილი”

“კლინიკურ ტოქსიკოლოგიური ასოციაციის” გამგეობის თავმჯდომარემ, თემურ კობიძემ თბილისში, ბოლო 3 კვირის განმავლობაში მწვავე ტოქსიკური მოწამვლით პაციენტების ჰოსპიტალიზაციის შემთხვევების მატებაზე ისაუბრა. მისი განცხადებით,  მომატებული ინტოქსიკაცია გამოწვეულია ალკოჰოლით, ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებით, ან ორივე მათგანის ერთად მიღებით.

„მთელ მსოფლიოში აღიარებულია, რომ პანდემიის პერიოდში, მწვავე მოწამვლის რაოდენობამ დაიკლო, თუმცა ბოლო სამი კვირის განმავლობაში თბილისში მწვავე მოწამვლით განვითარებულ უგონო მდგომარეობაში მყოფი ავადმყოფების რაოდენობამ მოიმატა. შემთხვევების უმეტესობა ძირითადად ალკოჰოლური ინტოქსიკაციით, სინთეტიკური ნარკოტიკული საშუალებების გამოყენებით, ან კიდევ ორივეს ერთად მიღებით არის გამოწვეული. არ არის გამორიცხული, რომ ნარკოტიკის ახალი პარტია იყოს შემოტანილი, რომელიც უფრო ტოქსიკურია და ეს ხალხი სწორედ ამიტომ ხვდება სტაციონარებში, მაგრამ ჩემი შეხედულებით, ამის გამომწვევი ყველაზე რეალური მიზეზი ის არის, რომ მოსახლეობამ დაიწყო თავისუფალი სიარული და ქცევა, ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებებს კი ნაკლებად აქცევენ ყურადღებას“, – თქვა კობიძემ.

სპეციალისტები მოსახლეობას აფრთხილებენ, ზაფხულში და განსაკუთრებით, მომავალი 8 დღის განმავლობაში პროგნოზირებული მაღალი სიცხის გამო, ალკოჰოლის მიღებისგან თავი შეიკავონ.

banner
წინა სტატიაშიარჩილ თალაკვაძე: „ლელო“ როდის იყო გულწრფელი
შემდეგი სტატიაკალაძე ქუჩის ძაღლების საკითხზე: უახლოეს მომავალში წარვუდგენთ საზოგადოებას ჩვენს ხედვას, რა უნდა გაკეთდეს