ინტერპოლით ძებნილი ასლან აბაშიძე მოსკოვში სარფიან ადგილზე დასაქმდა

რუსული მედიის ცნობით, აჭარის ყოფილი მეთაური ასლან აბაშიძე, რომელზეც ინტერპოლით არის ძებნა გამოცხადებული მოსკოვში დაასაქმეს.

ის საცხოვრებელი ადგილის მესაკუთრეთა ამხანაგობას ჩაუდგა სათავეში. ამხანაგობას, რომელსაც ასლან აბაშიზე უხელმძღვანელებს „ლეგენდა“ ჰქვია. ორგანიზაციის ოფისი ზვენიგოროდსკის ქუჩაზე მდებარეობს.

როგორც რუსული მედია იუწყება, აბაშიძე „ლეგენდის“ ხელმძღვანელად აგვისტოს თვეში დაინიშნა. მედიისთვის კი ამის შესახებ მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი.

ასლან აბაშიძე საქართველოდან აჭარის რევოლუციის დროს -2004 წლის 6 მაისს გაიქცა.

2005 წელს საქართველოს ხელისუფლებამ მის წინააღმდეგ საქმე აღძრა. აჭარის ყოფილი მეთაურის წინააღმდეგ გამოძიება რამდენიმე მუხლით წარიმართა. მას ბრალი ედებოდა ტერორიზმში, უფლებამოსილების გადამეტებაში, გამომძალველობაში, იარაღის და ასაფეთქებელი ნივთიერებების შენახვაში.

2006 წელს ასლან აბაშიძეს თბილისმა კიდევ უფრო ძველი ცოდვა გაუხსენა. 1991 წლის აპრილში მან საკუთარ კაბინეტში მოკლა ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ნოდარ იმნაძე. აბაშიძემ იმნაძე მისი 20 წლის ქალიშვილის ნატო იმნაძის თვალწინ მოკლა.

თავიდან ამ საქმეზე გამოძიება აქტიურად დაიწყო, მაგრამ მერე გაჩერდა. ნოდარ იმნაძის ოჯახს ეჭვი გაუჩნდა, რომ ნაციონალებსა და აბაშიძეს შორის გარიგება მოხდა.

სამართლიანობისთის ბრძოლა ნატო იმნაძემ ხელისუფლებაში „ოცნების“ მოსვლის შემდეგაც გააგრძელა. სამართალმა ვერც ამჯერად ჭამა პური.

ბათუმის სასამართლომ 2016 წელს სასამართლომ უშუალოდ იმნაძის საქმეზე ასლან აბაშიძეს სასჯელის სახით 2 წელი და 7 თვე მიუსაჯა, ხოლო მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 100 ათასი ლარის გადახდა დააკისრა.

ნოდარ იმნაძის შვილი ნატო იმნაძე სასამართლო გადაწყვეტილებით უკმაყოფილო დარჩა და როგორც თავად განაცხადა, ფინანსური მხარე ოჯახს არ აინტერესებს.

მართალია სასამართლომ აბაშიძე იმნაძის მკვლელობაში დამნაშავედ სცნო, მაგრამ მას განზრახ მკვლელობის მუხლი მოგერიების ფარგლებგადაცილების მუხლით შეუცვალა.

სასამართლოს ეს გადაწყვეტილება მოკლულის შვილმა ქუთაისის საოლქო სასამართლოში გაასაჩივრა. სადაც აბაშიძეს ხანდაზმულობის გამო ეს მუხლი საერთოდ მოუხსნეს.

ნატო იმნაძე „თაიმერთან“ საუბარში ამბობს, რომ აწი ასლან აბაშიძე რომ დააკავონ, მას ნოდარ იმნაძის მკვლელობისთვის ვეღარ გაასამართლებენ.

აღსანიშნავია, რომ ასლან აბაშიძე ყველა ხელისუფლებასთან ცდილობდა იმნაძის მკვლელობის საქმეზე დალაგებას. ამიტომაც გაიწელა 1991 წელს მომხდარი მკვლელობის გამოძიება.

ეტყობა აბაშიძოს გარემოცვამ არ იცოდა სალომე ზურაბიშვილის მოწყალე ბუნების ამბავი, თორემ რაღაცას იზამდნენ. და სადაც 3 მკვლელი და 1 ძებნილი იქნა შეწყალებული, იმ სიაში მხცოვანი ასლანიც აღმოჩნდებოდა.

შორენა მარსაგიშვილი 

banner
წინა სტატიაშიდევნილთა კოლექტიურ ცენტრებში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის მიზნით საპილოტე პროექტი განხორციელდა
შემდეგი სტატიაგიორგი გახარიამ აშშ-ის მთავრობას ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე სოფლებში ახალი საწარმოების დაფინანსებისთვის მადლობა გადაუხადა