ინტელექტკლუბის წევრები შესაძლოა პოლიტიკაში ვიხილოთ

ინტელექტკლუბის ვიცე-პრეზიდენტი „ქართული ოცნებასა“ და კლუბის წევრებს შორის კონსულტაციების არსებობას არ გამორიცხავს.
ლაშა კილაძის თქმით, პირადად მასთან ამ თემაზე კონსულტაციები არ ყოფილა, თუმცა ამბობს, რომ მოაზროვნეების აღმასრულებელ თუ საკანონმდებლო ორგანოში მოსვლა დადებითი მოვლენა იქნება.

„ერთმნიშვნელოვნად მინდა გითხრათ, რომ ჩვენი კლუბის წარმომადგენლების პოლიტიკაში მოსვლა იქნება პოზიტიური და არ აქვს მნიშვნელობა, რომელი პოლიტიკური ძალით მოვლენ ისინი. ვფიქრობ, ეს ქვეყნისთვის პროგრესული მომენტი. რაც შემეხება მე, კონკრეტული შემოთავაზება არ მიმიღია. თუმცა მინდა გითხრათ, რომ შემოთავაზების შემთხვევაში ამას არ დავმალავ და განვაცხადებ“, – განაცხადა კილაძემ.

კონსულტაციების შესახებ ინფორმაცია დაადასტურა ასევე ინტელექტუალური კლუბის წევრმა გედევან ფოფხაძემ, რომელიც კოალიციის რიგებში დიდი ხნის წინ გაწევრიანდა.

„ეს არის სამუშაო პროცესი. ვიღაცეებმა შეიძლება გაიარეს გასაუბრება, ვიღაცაზე შეიძლება პიროვნული დაინტერესება ჰქონდეს პარტიას. პირადადა მე მივესალმები ამ კლუბის წევრების საჯარო აქტიურობას ნებისმიერი ფორმით. თუ ისინი იქნებიან რაიმე ფორმით ჩვენს კოალიციაში, ეს იქნება ძალიან კარგი. ამ ადამიანებს აქვთ პოზიტიური რესურსი, რომელიც შეიძლება ქვეყანას მოხმარდეს“, -განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

ინტელექტუალების „ქართულ ოცნებაში“ გაწევრიანების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არც უარყოფს და არც ადასტურებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე.

„ესეც შეიძლება. რაც მეტი ინტელექტუალი და მეტი განათლებული ადამიანი მოხვდება პარლამენტში , ჩვენი ქვეყნისთვის ეს უკეთესი იქნება. კონკრეტულ გვარებს ვერ გეტყვით, რადგან ამ ეტაპზე გადაწყვეტილი არაფერია“ , – ამბობს კობახიძე.

გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა კოალიცია „ქართული ოცნების“ რიგებში ინტელექტუალური კლუბის „რა? სად? როდის?“ წევრები ვიხილოთ.

 

წყარო: newposts.ge

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი: პოლიტიკური სპეკულაციების მიუხედავად “სოკართან” სტრატეგიული ურთიერთობა ჩვენთვის მნიშვნელოვანია
შემდეგი სტატია„დღეს გვიხდება ვიბრძოლოთ საერთო ევროპული და ამავდროულად ლიტვური თუ ქართული ფასეულობებისთვის“