ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, კომპანია Meridian-მა ანაკლიის პორტის პროექტში მონაწილეობაზე უარი თქვა

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, კომპანია Meridian-მა ანაკლიის პორტის პროექტში მონაწილეობაზე უარი თქვა

 

„თაიმერი“ სამინისტროს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ჩვეულებისამებრ, ითვალისწინებს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის მიმართ არსებულ მაღალ საჯარო ინტერესს და შეძლებისდაგვარად დროულად აწვდის საზოგადოებას დადასტურებულ ინფორმაციას პროექტის არსებული სტატუსისა და მისი განვითარების შესახებ.

საზოგადოებისათვის ცნობილია, რომ ამერიკული კომპანია Conti International-ის მიერ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტიდან გასვლის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა საქართველოს მთავრობას შესათანხმებლად წარუდგინა კომპანია Meridian Capital NL B.V.

Conti International-ის ჩამნაცვლებელი ახალი ინვესტორის მოწონების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების ვადა საინვეტიციო ხელშეკრულებით განისაზღვრა მიმდინარე წლის 29 ოქტომბრით.

2019 წლის 28 ოქტომბერს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წერილობით მიმართა Meridian Capital NL B.V-ის წარმომადგენელმა, რომელმაც დაადასტურა, რომ Meridian Capital NL B.V-ს მოცემულ ეტაპზე არ გააჩნია ანაკლიის პორტის პროექტში ინვესტორის სახით მონაწილეობის შესაძლებლობა, რისთვისაც ითხოვა საქართველოს მთავრობისგან Meridian Capital NL B.V-ის მოწონების თაობაზე ყველა მიმდინარე პროცედურის შეჩერება.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ითვალისწინებს Meridian Capital NL B.V-ის თხოვნას და გამოთქვამს მზადყოფნას მომავალშიც ხელი შეუწყოს სათანადო გამოცდილების, ფინანსური და საქმიანი რეპუტაციის მქონე ყველა ინვესტორს მიიღოს მონაწილეობა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების პროექტში,” – აღნიშნულია განცხადებაში

banner
წინა სტატიაშიმტკვრის მარცხენა სანაპიროზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ორი კი დაშავდა
შემდეგი სტატიახათუნა გოგორიშვილი – საპარლამენტო არჩევნებზე „თავისუფალ დემოკრატებთან“ ერთად წარვდგებით, როგორც ერთი სუბიექტი